საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გვერდი Facebook-ზე

EBRD-ის დაფინანსებით ჩაქვში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა იგეგმება

თარიღი: 18-თებერვალი-2010

მიმდინარე წლის 18 თებერვალს ქ.ქობულეთში, სასტუმროში „ჯორჯია პალას ჰოტელი” საქართველოს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მთავარმა ბანკირმა პოლ კოვენდენმა ხელი მოაწერეს სასესხო ხელშეკრულებას „აჭარის მყარი ნარჩენების პროექტის” განხორციელების მიზნით, ქართული მხარისთვის 3 მლნ ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის შესახებ. სესხი 15-წლიანია, საიდანაც საშეღავათო პერიოდი 3 წელია.

„აჭარის მყარი ნარჩენების პროექტით” გათვალისწინებულია ჩაქვში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში სანიტარული, გარემოს- დაცვის და სოციალური პირობების გაუმჯობესებას.

„აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია როგორც გარემოსდაცვის, ისე ეკონომიკური კუთხით. საკურორტო ზონაში დაბინძურებული გარემო აფერხებს ტურისტულ ნაკადს და ამ მხრივ პრობლემის მოგვარება მომავალში ხელს შეუწყობს რეგიონში ტურისტების რაოდენობის ზრდას. გარდა ამისა, პროექტის საშუალებით ხდება პირდაპირი ინვესტიციების შემოდინება აჭარაში. პროექტის მიხედვით, ადგილზე მოხდება ნარჩენების დახარისხება, ტექნოლოგიური გადამუშავება და შემდეგ ამ რესურსის მეორადი გამოყენება, როგორც ეს თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება. ეს კი ხელს შეუწყობს დამატებითი შემოსავლების შემოდინებას რეგიონში,” - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა.

პროექტის საერთო ღირებულება 9.5 მლნ ევროა, სადაც 3 მლნ ევრო (EBRD)-ის სესხი, 4 მლნ ევრო შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) გრანტი, 1.2 მლნ ევრო ტექნიკური თანამშრომლობის გრანტი და    1.3 მლნ ევრო თანადაფინანსებაა.