საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გვერდი Facebook-ზე

შემოსავლების სამსახურის ახალი სერვის-ცენტრის გახსნა თბილისში

თარიღი: 03-ნოემბერი-2010

მიმდინარე წლის 3 ნოემბრიდან თბილისს კიდევ ერთი ორიგინალური არქიტექტურის შენობა შეემატა. კოსტავას ქუჩაზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალი სერვის-ცენტრი ოფიციალურად გახსნეს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა, ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა და შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი ცხაკაიამ.

სერვის-ცენტრის ევროპული სტანდარტებით უზრუნველყოფა გადამხდელებისთვის გამარტივებულ მომსახურებაზეა ორიენტირებული. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სერვის-ცენტრი მოემსახურება ნებისმიერი რაიონის მაცხოვრებელს.

„ჩვენთვის მთავარია მაქსიმალურად კარგი სერვისი მივაწოდოთ კერძო სექტორს და ასევე, შევუქმნათ კომფორტული სამუშაო გარემო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა.

„თბილისში უკვე დავასრულეთ შემოსავლების სამსახურის  ინფრასტუქტურის მოდერნიზება. ჯამში, ქვეყნის მასშტაბით გასახსნელი დაგვრჩა რამდენიმე ოფისი, რომელსაც მომავალ წელს დავასრულებთ. შემოსავლების სამსახური მთლიანად იქნება ევროპული სტანდარტების. ასეთი სერვისი დამატებითი კომფორტია  გადამხდელებისთვის, რადგან მათ შეუძლიათ მიიღონ ყველა ტიპის მომსახურება,” - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა.  

„ვაკეში ერთ-ერთი ყველაზე რთული სამუშაო პირობები იყო. დღეს ოფისი აღჭურვილია ყველა იმ ტექნიკით, რომელიც საჭიროა მაღალი სტანდერტების სერვისის მისაღებად. რაც მნიშვენლოვანია, არქიტექტურულად აღნიშნული შენობა კრიატიული და კარგი გადაწყვეტაა,  რომელიც დაამშვენებს თბილისს,” - განაცხადა გიორგი ცხაკაიამ.  

მომსახურების დარბაზის ინტერიერი მთლიანად გამჭირვალეა, უზრუნველყოფილია თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით, დამონტაჟებულია რიგების მარეგულირებელი სისტემა, რაც საშუალებას იძლევა გადამხდელმა ყველა ოპერაცია უმოკლეს ვადაში განახორციელოს.

აღსანიშნავია ისიც, რომ შენობის ფასადის რთულ და ორიგინალურ არქიტექტურულ გადაწყვეტაზე მთლიანად ქართველმა ინჟინრებმა და მშენებლებმა იმუშავეს.

ფინანსთა  სამინისტროს შემოსავლების სამსახურის კიდევ ერთი ახალი ინფრასტრუქტურის გახსნა კონცეფციის ნაწილია, რომელიც გულისხმობს შემოსავლების სამსახურის საჯარო ურთიერთობას გადამხდელებთან და მათ კომფორტულ მომსახურებას. აღნიშნული სერვის-ცენტრის გახსნით თბილისში მთლიანად დასრულდა საგადასახადო ინფრასტრუქტურის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები.