|
|
უნგრეთთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება გაფორმდა
თარიღი:
18-თებერვალი-2012
ბუდაპეშტში „საქართველოსა და უნგრეთის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ და უნგრეთის ეროვნული ეკონომიკის მინისტრმა გიორგი მატოლჩიმ (Mr. György Matolcsy, Minister for National Economy)
„ესაა ერთ-ერთი საკვანძო საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელის მოდელი შემუშავდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ. ძირითადი არსი ამ ხელშეკრულების არის ვაჭრობისა და ინვესტიციების წახალისება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების გზით. ეს ნიშნავს იმას, რომ მაგალითად, უნგრელი ბიზნესმენი, რომელიც აკეთებს ბიზნესს საქართველოში, არ დაიბეგრება ჩვენს ქვეყანაში და უნგრეთში, ის დაიბეგრება მხოლოდ საქართველოში. ორ სახელმწიფოს შორის არსებობს დიდი სავაჭრო პოტენციალი. გარდა ამისა, არის ინტერესი იმ რეფორმებისადმი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში განვახორციელეთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ ვიზიტი იქნება ბიძგი უნგრული ინვესტიციების მოზიდვისთვის საქართველოში,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ.
ქართული დელეგაცია უნგრეთში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით იმყოფებოდა. ნიკა გილაური ქვეყნის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის სპიკერს შეხვდა. უნგრეთის ეკონომიკის სამინისტროში ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვითაც გამოვიდა.
საქართველოში ინვესტიციების წახალიება საქართველოს მთავრობის 10-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმებით, იქმნება აუცილებელი პირობები, საქართველოში კერძო ინვესტიციების დაბანდების ხელშეწყობის მიზნით. ამჟამად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება ძალაშია 36 ქვეყანასთან.
|
|