საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გვერდი Facebook-ზე

სამხრეთ კორეაში გამართული შეხვედრები

თარიღი: 26-თებერვალი-2012

მიმდინარე წლის 23-24 თებერვალს გაიმართა საქართველოს დელეგაციის შეხვედრები სამხრეთ კორეაში. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი,  ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ალექსანდრე ხეთაგური.

ვიზიტის ფარგლებში დიმიტრი გვინდაძე და რამაზ ნიკოლაიშვილი სამრეწველო პალატის (პალატა 130 000-ზე მეტ კერძო კორეულ კომპანიას აერთიანებს) ხელმძღვანელ პირებს, სტრატეგიისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს და კომპანია “ჰიუნდაი ინჟინერინგის” პრეზიდენტს შეხვდნენ.

შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებმა თანამშრომლობის რამდენიმე მიმართულება განიხილეს. მათ შორის: სახელმწიფო  და კერძო დაფინანსების მოძიება მსხვილი საგზაო, ენერგეტიკული და სხვა  ინფრასტრუქტურული პროეტების განსახორციელებლად. კორეულ მხარეს მიეწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ბიზნეს კლიმატის და ქვეყანაში განხორციელებულ სტრუქტურულ-ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებით.

„ტექნიკური და ფინანსური თანამშრომლობა, ვაჭრობა, ინვესტიციების წახალისება, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება საგზაო და ენერგეტიკულ სექტორებში. ესაა სპექტრი იმ საკითხებისა, რომელიც ჩვენ განვიხილეთ კორეულ მხარესთან. საუბარია, განხილვებზე როგორც სამთავრობო სექტორთან, ისე ბიზნეს-ასოციაციებთან. ორი დღის განმავლობაში ჩვენ შევხვდით ყველა ინდუსტრიულ კორპორაციას, ფედერაციას, რომლებიც აერთიანებენ მსხვილ ბიზნესს კორეაში. შევეცადეთ მაქსიმალურად მოგვეზიდა მათი ყურადღება საქართველოსადმი, იმ რეფორმებისადმი, რომელიც ქვეყანაში გატარდა, იმ ჩემი აზრით, უნიკალურ ბიზნეს-გარემოსადმი, რომელიც არსებობს საქართველოში და დიდი იმედი მაქვს, რომ მივიღებთ კონკრეტულ შედეგებს,“  - განაცხადა დიმიტრი გვინდაძემ. 

"გვქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრები. შედეგად, კორეის სავაჭრო პალატის ორგანიზებით უკვე აპრილში საქართველოში ჩამოვა ბიზნესმენთა დიდი დელეგაცია, რათა მოხდეს ინვესტირება საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში" - განაცხადა რამაზ ნიკოლაიშვილმა.

ფინანსთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრებმა შეხვედრები გამართეს საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროში, EXIMBANK-ის შტაბ-ბინაში, კორეის ვაჭრობისა და ინვესტიციების წახალისების სააგენტოში და კორეის სამრეწველო ფედერაციაში.

კორეის ვაჭრობისა და ინვესტიციების წახალისების სააგენტოსა და კორეის სამრეწველო ფედერაციაში გამართულ შეხვედრებზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ბიზნეს-გარემოთი კორეული კომპანიების დაინტერესებასა და ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ამ მიზნით, გაზაფხულზე გაიმართება ბიზნეს-ფორუმი, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა სექტორში მოღვაწე ქართული და კორეული  კერძო კომპანიები მიიღებენ.