ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე სტუმრად კავკასიის უნივერსიტეტში
თარიღი:
05-ივნისი-2012
საქართველოს ფინანსთა მინისტრი განაგრძობს საქართველოს და გლობალური ეკონომიკის ტენდენციებზე და პერსპექტივებზე განხილვების ციკლს უმაღლეს სასწავლებლებში. მიმდინარე წლის 5 ივნისს, ფინანსთა მინისტრმა საჯარო დისკუსია კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან გამართა.
მსგავსი დისკუსია საშუალებას იძლევა, მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტთან, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებთან შედგეს ღია მსჯელობა საქართველოს განვითარების უზრუნველსაყოფად ქვეყანაში განხორციელებულ და განსახორციელებელ ეკონომიკურ რეფორმებზე და გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივებზე. ეკონომიკური ზრდის სტაბილურად მაღალი ტემპების შენარჩუნების უმთავრესი მიზანია - დასაქმება და მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, უზრუნველყოფა იმისა, რომ ეკონომიკური ზრდის დადებითი შედეგები იგრძნოს თითოეულმა მოქალაქემ, საკუთარი ოჯახის მაგალითზე.
„ეს ახალგაზრდები მალე დაიწყებენ კარიერას ბიზნესსექტორში, შესაძლოა, მთავრობაში და ძალიან მნიშვნელოვანია, პირველწყაროდან მიიღონ ინფორმაცია შიდასახელმწიფოებრივ და გლობალურ ეკონომიკურ ტენდენციებზე. ჩემთვის საინტერესოა ახალგაზრდების ხედვა ეკონომიკაზე, ბიზნესგარემოზე, რეფორმებზე, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. რაც მთავარია, ვისაუბრებთ იმაზე, რითაა განსხვავებული ეკონომიკური რეალიზმი, ეკონომიკური ობიექტურობა, ეკონომიკური და სოციალური უტოპიისგან,“ - განაცხადა დიმიტრი გვინდაძემ.
ფინანსთა მინისტრის პრეზენტაციაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო მთავრობის ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. საგზაო, ურბანული და რეგიონული ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარება, სამრეწველო და ტურისტული ბიზნესის განვითარება, ენერგოსექტორში ახალი სიმძლავრეების შექმნა, აგრარული სექტორის განვითარებისთვის წინაპირობების შექმნა, კერძო სექტორის განვითარებაზე მიმართული ეფექტური ბიზნეს-გარემოს შექმნა - ყველა ეს ატრიბუტი განაპირობებს საქართველო თანმიმდევრულად ჩამოყალიბდეს რეგიონულ სავაჭრო, ლოჯისტიკურ და ეკონომიკურ ცენტრად.
დასაქმების ხელშეწყობა ქვეყანაში პირდაპირ უკავშირდება განათლების მაღალ დონეს, ახალგაზრდების კვალიფიკაციას და მათ კონკურენტუნარიანობას. ქვეყანაში ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების და გლობალური ფინანსურ-ეკონომიკური ტენდენციების თაობაზე ობიექტური ინფორმაციის მიწოდება, სტუდენტებს საშუალებას აძლევს მიიღონ გააზრებული გადაწყვეტილება კარიერისდასაგეგმად.
კავკასიის უნივერსიტეტი ახალგაზრდებს სთავაზობს სათანადო განათლებას, საერთაშორისო პროგრამებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას. უნივერსიტეტი 2004 წელს კავკასიის ბიზნესის სკოლის ბაზაზე ჩამოყალიბდა და მისი დევიზია: "Studium Pretium Libertatis" - ,,ცოდნა თავისუფლების საწინდარია.“ დღეს ის, ბიზნესის სკოლის გარდა კიდევ შვიდ სკოლას აერთიანებს: სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, ჰუმანიტარული მეცნიერებების, სახელმწიფო მართვის, ტურიზმისა და ჯანდაცვის. საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე, საერთო ჯამში, უნივერსიტეტში 2 ათასამდე სტუდენტი იღებს განათლებას. უნივერსიტეტს მჭიდრო კავშირი აქვს ევროპის, ამერიკისა და აზიის უნივერსიტეტებთან. შესაბამისად, სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები დასაქმებულები არიან ბანკებში, სახელმწიფო სექტორში, საერთაშორისო და კერძო კომპანიებში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრმა მსგავსი ტიპის საჯარო განხილვები გამართა თავისუფალ უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტში, აგრეთვე თბილისის სახელმწიფო, აგრარული, შავი ზღვის საერთაშორისო და საპატრიარქო უნივერსიტეტების სტუდენტებთან. წლის განმავლობაში დიმიტრი გვინდაძის საჯარო შეხვედრები სტუდენტებთან ქვეყნის სხვა უმაღლეს სასწავლებლებშიც გაიმართება.