ფინანსთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ მორიგ აბსურდულ ბრალდებებს. განმარტება გააკეთა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.
როგორც მან აღნიშნა, პირველ რიგში, ნიშანდობლივია ის, რომ ორგანიზაცია აღარ საუბრობს სამინისტროს მისამართით გამოთქმულ პირველ ბრალდებაზე, რომლის მიხედვითაც, თითქოს 2014 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს აუთვისებელი დარჩა არა ოფიციალურად გამოქვეყნებული 70.19 მილიონი ლარი, არამედ 82 მილიონი ლარით მეტი და საერთო აუთვისებელმა თანხამ 150 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
„დღეს არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან ამ მიმართულებით აქცენტი აღარ კეთდება, რადგან გამოქვეყნებული კვლევა აბსოლუტურად აბსურდული იყო. როგორც ცნობილია, 2014 წლის ბიუჯეტის გეგმა ხარჯების კუთხით იყო 9 მილიარდ 80 მლნ ლარი, აქედან დაიხარჯა 9 მილიარდ 10 მლნ ლარამდე, ანუ არ მოხდა 70 მილიონი ლარის ათვისება. საგადასახადო გეგმა იყო 7 მილიარდ 230 მილიონი და გადასახადების კუთხით ბიუჯეტში შემოვიდა, დაახლოებით, 11 მილიონით მეტი, აღნიშნული თანხის დახარჯვა კი ვერანაირად ვერ მოხდებოდა ბიუჯეტის კორექტირების გარეშე. ის, რომ 31 დეკემბერს ბიუჯეტის კორექტირება არასწორია, ამას გასულ წლებში არაერთხელ აფიქსირებდა როგორც თავად „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, ასევე სხვა დონორი ორგანიზაციები, ისინი ყოველთვის აცხადებდნენ, რომ წლის ბოლოს ბიუჯეტის კორექტირება იყო არასწორი პრაქტიკა და ეს პრაქტიკა უკვე ორი წელია აღარ არსებობს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
როგორც მან აღნიშნა, 2014 წელს ბიუჯეტში გადაჭარბებული შემოსავალით, რომელიც განთავსდა დაბრუნების ქვეანგარიშზე, 2015 წლის განმავლობაში მოხდება ბიზნესისთვის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხების დაბრუნება. მიმდინარე წლის განმავლობაში უკვე მოხდა, დაახლოებით, 20 მლნ ლარის დაბრუნება.
„როდესაც საერთაშორისო გამჭვირვალობისგან“ ვისმენთ, რომ არასდროს ამ ოდენობის თანხის გადატანა არ მომხდარა ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნების ქვეანგარიშზე, შედარებისთვის მოვიყვან მაგალითს: 2010 წლის 27-30 დეკემბერს, ხაზინის იგივე ქვეანგარიშზე მოხდა 120 მლნ ლარის გადატანა, ხოლო 2011 წლის პირველი იანვრისთვის, დაბრუნების ქვეანგარიშზე იყო 190 მლნ ლარამდე,“ - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ასევე განმარტება გააკეთა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პრეტენზიაზე, რომელიც ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე ბიუჯეტის დეფიციტის შესახებ გამოქვეყნებულ მონაცემს უკავშირდება.
მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სამინისტროს ვებგვერდზე ასახულია ორი მონაცემი, რადგან საზოგადოების მხრიდან გაჩნდა ინტერესი დეფიციტის დათვლის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით. ვებგვერდზე ამჟამად დევს პირველი - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დათვლილი ბიუჯეტის დეფიციტი, სადაც პირდაპირ წერია, რომ დაბრუნების ქვეანგარიშზე მიმართული სახსრები არ აისახება ანგარიშგებაში, შესაბამისად, ამ შემთხვევაში ბიუჯეტის დეფიციტი დაფიქსირდა 3.2 პროცენტი, და მეორე- საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული ურთიერთგაგების ტექნიკური მემორანდუმის მიხედვით შეთანხმებული მეთოდოლოგიით დათვლილი დეფიციტი, სადაც დაბრუნების ქვეანგარიში მონაწილეობს ერთიან ანგარიშგებაში და ამ შემთხვევაში, დეფიციტის მაჩვენებელი 2.95 პროცენტია.
„ჩვენ ვგეგმავთ არასამთვრობო ორგანიზაციებისთვის ჩავატაროთ პრეზენტაცია ბიუჯეტის შესრულების თემაზე, სადაც აუცილებლად დავპატიჟებთ ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს”, რათა მათ ზუსტად გაიგონ, რომელი მეთოდოლოგიით ხდება დეფიციტის დათვლა“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.