მოგების გადასახადის რეფორმის, რომელიც ეფუძნება ე.წ. ესტონურ მოდელს, ძირითადი პრინციპები განიხილეს ფინანსთა სამინისტროში გამართულ მორიგ სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების ფინანსური მენეჯერები დაესწრნენ.
როგორც ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, ახალ კანონპროექტზე მუშაობის პერიოდში მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული ბიზნესის წინადადებები და შენიშვნები.
შეხვედრაზე განიხილეს მოგების გადასახადის ესტონური მოდელის საქართველოში დანერგვასთან დაკავშირებული ტექნიკური და ადმინისტრაციული საკითხები, მისი განხორციელების შემთხვევაში, მოსალოდნელი საფინანსო-ეკონომიკური შედეგები.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და მას ფინანსთა მინისტრის მოადგილეები და ბიზნესომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები დაესწრნენ.