საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის ფორმის და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

(სსმ III, 30.12.2008  N 186 მუხ.1960)
რეგისტრირებულია
საქართველოს იუსტიციის
სამინისტროში
რეგისტრაციის ნომერი
200.040.000.22.033.012.547

საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება N 973
2008 წლის 30 დეკემბერი  ქ. თბილისი

საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის ფორმის  და  მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის, 95-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების და «საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის N39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის «ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს «საშემოსავლო გადასახადის წლიური  დეკლარაციის ფორმა” (დანართი N1).
2. დამტკიცდეს «საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსების წესის შესახებ”  ინსტრუქცია (დანართი N2).
3. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს  «სოციალური და საშემოსავლო გადასახადების დეკლარაციის ფორმის შევსების წესის  შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 29 იანვრის  N52 ბრძანება.
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს «საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ»  საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონის ამოქმედებისთანავე.

ნ. გილაური

დანართი N1

დანართი N2

ინსტრუქცია
საშემოსავლო  გადასახადის წლიური დეკლარაციის  შევსების წესის
შესახებ

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციას (შემდგომში – დეკლარაცია) საგადასახადო ორგანოს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის (საგადასახადო აღრიცხვის არმქონე პირები საცხოვრებელი ადგილის) მიხედვით საანგარიშო წლის მომდევნო წლის პირველ აპრილამდე (31 მარტის ჩათვლით) წარუდგენენ:

ა) რეზიდენტი ფიზიკური პირები, რომელთა შემოსავლებიც არ იბეგრება საქართველოში არსებულ გადახდის წყაროსთან, მათ შორის დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებში დაქირავებით მომუშავე საქართველოს მოქალაქეები და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ დაქირავებული ფიზიკური პირები;
ბ) რეზიდენტი ფიზიკური პირები, რომლებსაც ფულადი სახსრები აქვთ ანგარიშზე უცხოეთში;
გ) არარეზიდენტი ფიზიკური პირები, რომლებიც შემოსავალს იღებენ საქართველოში არსებული წყაროდან და რომლებიც არ იბეგრებინ გადახდის წყაროსთან;
დ) არარეზიდენტი ფიზიკური პირები, რომლებიც იღებენ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ” და «დ” ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემოსავლებს, იბეგრებიან გადახდის წყაროსთან და უფლება აქვთ დეკლარაცია წარადგინონ დაკავებული გადასახადის დაბრუნების მოთხოვნით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად.
2. ფიზიკურ პირს, რომელიც არ არის ვალდებული წარადგინოს დეკლარაცია, შეუძლია წარადგინოს იგი გადასახადის გადაანგარიშების და ანაზღაურების მოთხოვნით.
3. გადასახადის გადამხდელი, საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტისას, საგადასახადო ორგანოს 30 დღის ვადაში წარუდგენს დეკლარაციას.
4. დეკლარაციის შესაბამის უჯრებში შემოსავლები და ხარჯები უნდა აისახოს იმდაგვარად, რომ შემოსავლების (გამოქვითვების) განსაზღვრასთან დაკავშირებული არც ერთი ელემენტი არ იქნას გამოტოვებული ან განმეორებით ჩართული.  
5. დეკლარაცია უნდა შეივსოს მელნით, ბურთულიანი ავტოკალმით ან კომპიუტერის გამოყენებით.
6. დეკლარაციაში მონაცემები  უნდა  შეიტანოს გადასახადის  გადამხდელმა  ან სხვა ვალდებულმა პირმა ან/და მისმა კანონიერმა ან უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გარდა მეორე განაყოფის  მონაცემებისა, რომელიც საგადასახადო ორგანოს მიერ ივსება.
7. საგადასახადო ვალდებულების თანხობრივი გაანგარიშება ხდება  სრულ ლარებში. ამ მიზნით საგადასახადო ვალდებულება (40-ე და 42-ე უჯრები) ერთ ლარამდე ნულდება.
8. დეკლარაციის უტყუარობა და სისრულე დასტურდება გადასახადის გადამხდელის  ან სხვა ვალდებული პირის ან/და მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელისმოწერით. ამასთან მიეთითება სახელი და გვარი სრულად და ხელმოწერის თარიღი.
9. დეკლარაციის უჯრებში შეიტანება უჯრების დასახელებების (შინაარსის)  შესაბამისად განსაზღვრული მონაცემები. დეკლარაციის მესამე განაყოფის უჯრების სათანადო  მონაცემების არ არსებობისას მასში იწერება ციფრი ნული (0). იმ შემთხვევაში თუ ობიექტური მიზეზების გამო დასახელებულ უჯრებში (სტრიქონებში) აუცილებელი გახდება განსხვავებული მონაცემების შეტანა, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია აღნიშნულზე დეკლარაციაში გააკეთოს სათანადო შენიშვნა.

მუხლი 2. დეკლარაციის შევსების წესი
1. დეკლარაციის სატიტულო გვერდის და I განაყოფის შესაბამის უჯრებში აისახება:

ა) პირველ უჯრაში _ გადასახადის გადამხდელის  გვარი და სახელი.  იმის მიხედვით მეწარმე ფიზიკური პირია გადასახადის გადამხდელი  თუ ფიზიკური პირი, შესაბამისი სტრიქონის ცარიელ უჯრაში გაკეთდება  აღნიშვნა «V» ნიშნით;
ბ) მე-2 უჯრაში  _ გადასახადის გადამხდელზე საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო რეგისტრაციისას მინიჭებული (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საიდენტიფიკაციო ნომერი;
გ) მე-3 უჯრაში _ საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის (გადასახადის გადამხდელის) პირადი ნომერი, პირადობის მოწმობის მიხედვით;
დ) მე-4 უჯრაში _ დეკლარაციის სახე. იმის მიხედვით დეკლარაცია პირველადია თუ დაზუსტებული შესაბამისი სტრიქონის ცარიელ უჯრაში კეთდება აღნიშვნა «V» ნიშნით;
ე) მე-5 უჯრაში _ საგადასახადო (კალენდარული) წელი;
ვ) მე-6 უჯრაში_ გადასახადის გადამხდელის საცხოვრებელი ან საქმიანობის ადგილის სრული მისამართი;
ზ) მე-7 უჯრაში _ იმ საქმიანობის კოდი (ეკონომიკური საქმიანობის სახეების ეროვნული კლასიფიკატორის მიხედვით), რომელ საქმიანობასაც გადასახადის გადამხდელი თვლის ძირითადად;
თ) მე-8 უჯრაში _ ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტის თარიღი. უჯრებში ციფრები ჩაიწერება შემდეგი რიგითობით:  რიცხვი, თვე და სრული წელი;
ი) მე-9 უჯრაში _ იმ ტერიტორიული საგადასახადო ორგანოს სრული დასახელება, სადაც საგადასახადო აღრიცხვაზე იმყოფება გადასახადის გადამხდელი.

2. დეკლარაციის II განაყოფის მე-10, მე-11, მე-12, მე-13, და მე-14 უჯრები ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ.
3. დეკლარაციის III განაყოფის (საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშება) უჯრებში აისახება:

ა) მე-15 უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლით დადგენილი ნორმებით განსაზღრული ერთობლივი შემოსავალი, რომელიც მიიღება საანგარიშო პერიოდში ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით (გარდა საქართველოს საწარმოს მიერ გაცემული და გადახდის წყაროსთან დაბეგრილი დივიდენდისა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 195-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების შესაბამისად მიღებული დივიდენდებისა და 196-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების შესაბამისად მიღებული პროცენტებისა) მათ შორის შემოსავალი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კანომდებლობით გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან. ამასთან, როცა დეკლარაციას ავსებს არარეზიდენტი ფიზიკური პირი დაკავებული თანხების დაბრუნების მოთხოვნით, დეკლარაციის  მე-15 უჯრაში შეიტანება მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ” და «დ” ქვეპუნქტების შესაბამისად საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლები;
ბ) მე-16 უჯრაში _ რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული შემოსავალი.
გ) მე-17 და მე-18 უჯრებში _ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობათა ღირებულება, შესაბამისად საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის და საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის;
დ) მე-19 უჯრაში  _ მე-15 უჯრაში ასახული ერთობლივი შემოსავლის  მიღებასთან  დაკავშირებული და გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯები (გარდა კაპიტალიზებადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლით განსაზღვრული ხარჯებისა), მათ შორის:

დ.ა) მე-20 უჯრაში – საანგარიშო პერიოდში შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის  ღირებულება. მათ შორის უსასყიდლოდ მიღებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა, რომელიც გამოიყენება ან გამოყენებული იქნება  ეკონომიკური საქმიანობისათვის;
დ.ბ) 21-ე უჯრაში _ საანგარიშო პერიოდში გახარჯული ელექტროენერგიის ღირებულება;
დ.გ) 22-ე  უჯრაში _ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის შესაბამისად ხელფასის სახით განაცემებზე (სარგებელზე) გაწეული ხარჯი;
დ.დ) 23-ე უჯრაში _ პროცენტები კრედიტისათვის (სესხისათვის), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის შეზღუდვის გათვალისწინებით;
დ.ე) 24-ე უჯრაში _ საამორტიზაციო ანარიცხები ძირითადი საშუალებების და არამატერიალური აქტივების მიხედვით, რომელიც გამოიანგარიშება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე, 188-ე და 189-ე მუხლების შესაბამისად;
დ.ვ) 25-ე უჯრაში _ საანგარიშო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ღირებულების ამორტიზაცია დაქვემდებარებული ძირითადი საშუალებების ღირებულება, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ექვემდებარება ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას;
დ.ზ) 26-ე უჯრაში _ საგადასახადო წლის განმავლობაში შესყიდული, ლიზინგით მიღებული ან საკუთარი წარმოების ამორტიზაციას დაქვემდებარებული და ექსპლუატაციაში შესული ძირითადი საშუალებების ღირებულება, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის მე-13 და მე-14 ნაწილების მიხედვით გადასახადის გადამხდელს შეუძლიაÅÉÈსრულად გამოიქვითოს 100 პროცენტიანი ამორტიზაციის დარიცხვის გზით;
დ.თ) 27-ე უჯრაში – საკუთარი, ასევე ლიზინგით მიღებული ძირითადი საშუალების რემონტის ხარჯები, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის 5%-ს. ამასთან, თუ გადასახადის გადამხდელი ძირითადი საშუალებების გამოქვითისას იყენებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის მე-13 ნაწილის ნორმას, მაშინ ძირითადი საშუალებების აღნიშნული ნაწილისათვის რემონტის ხარჯებთან მიმართებაში 5%-იანი შეზღუდვის წესი არ გამოიყენება;
დ.ი) 28-ე უჯრაში -– გამოქვითვას დაქვემდებარებული ნებისმიერი ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია შემოსავლის მიღებასთან და არ არის ასახული სხვა  უჯრებში,  როგორიცაა:

დ.ი.ა) სადაზღვევო შენატანების ხარჯები, დაზღვევის ხელშეკრულების საფუძელზე დამზღვევ და/ან დაზღვეულთა მიერ გადახდილ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სადაზღვევო შენატანები, გარდა დაბრუნებადი და მაგროვებადი ხასიათის ხელშეკრულებათა მიხედვით გადახდილი სადაზღვევო შენატანებისა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 187-ე მუხლის შესაბამისად;
დ.ი.ბ) წარმომადგენლობითი ხარჯები, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის 38-ე ნაწილის მიხედვით. ამასთან, მისი ოდენობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 185-ე მუხლის შესაბამისად არ უნდა აღემატებოდეს Éსაგადასახადო წლის განმავლობაშიÓმიღებული ერთობლივი შემოსავალის ერთ პროცენტს;
დ.ი.გ) სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო და საცდელ-საკონსტრუქტორო მომსახურების ხარჯები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 182-ე მუხლის მიხედვით;
დ.ი.დ) რეალიზებულ საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებული უიმედო ვალები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის შეზღუდვების გათვალისწინებით;
დ.ი.ე) გამოქვითვას დაქვემდებარებული სხვა ხარჯი;

ე) 29-ე უჯრაში _ მე-17 და მე-19 უჯრებში ასახულ მონაცემთა ჯამი;
ვ) 30-ე უჯრაში _ მე-15 და მე-18 უჯრებში ასახულ მონაცემთა ჯამი;
ზ) 31-ე უჯრაში _ ერთობლივ შემოსავალში (უჯრა 15) შეტანილი საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გადახდის წყაროსთან დაბეგრილი შემოსავლები. ამასთან, აღნიშნულ უჯრაში არ შეიტანება საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული შემოსავლი, აგრეთვე საქართველოში არსებული წყაროდან  მიღებული და გადახდის წყაროსთან დაბეგრილი იმ პირთა შემოსავალი, რომლებიც დაკავებული გადასახადის დაბრუნების მოთხოვნით ავსებენ დეკლარაციას. მათ შორის:
თ) 32-ე უჯრაში  – დეკლარაციის 31-ე უჯრის შემოსავალში ასახული ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი;
ი) 33-ე უჯრაში _ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებული შემოსავალი და დაბეგვრისაგან გათავისუფლებული დასაბეგრი შემოსავალი (მათ შორის 2009 წლის პირველი იანვრის შემდგომ პერიოდებში საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული შემოსავალი  (უჯრა 16). დასაბეგრ შემოსავალთან მიმართებაში დაწესებული შეღავათი აღნიშნულ უჯრაში აისახება იმ შემთხვევაში თუ იგი გამოყენებული არ იყო ხელფასის სახით გაცემული ანაზღაურების გადახდის წყაროსთან დაბეგვრისას. ამასთან, დაბეგვრისაგან გათავისუფლებული  დასაბეგრი შემოსავლით  პირველ რიგში მცირდება ის დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც ექვემდებარება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 167-ე მუხლით დადგენილი  საშემოსავლო გადასახადის განაკვეთით დაბეგვრას (უჯრა 36);
კ) 34-ე უჯრაში _ წინა წლების აუნაზღაურებელი ზარალი, რომელიც ექვემდებარება გამოქვითვას, მაგრამ არა უმეტეს წინა 5 საგადასახადო წლის ზარალისა, უჯრის შევსებისას გაითვალისწინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 191-ე და 192-ე მუხლებით დაწესებული ნორმები;
ლ)  35-ე უჯრაში _ შემოსავალი, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას მიიღება: 30-ე უჯრაში ასახულ მონაცემს გამოკლებული 29-ე უჯრაში ასახული მონაცემი, გამოკლებული 31-ე უჯრაში ასახული მონაცემი, გამოკლებული დაბეგვრისაგან გათავისუფლებული შემოსავალი (უჯრა 33) და გამოკლებული წინა საანგარიშო წლების ზარალი  (უჯრა 34). მათ შორის:

ლ.ა) 36-ე უჯრაში _ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადის მაქსიმალური განაკვეთით დაბეგვრას;
ლ.ბ) 37-ე უჯრაში _ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადის 12%-იანი განაკვეთით დაბეგვრას;

მ) 38-ე უჯრაში _ საშემოსავლო გადასახადი დასაბეგრ შემოსავალზე, რომელიც მიიღება 36-ე უჯრაში ასახული თანხის საშემოსავლო გადასახადის მაქსიმალურ განაკვეთზე  გამრავლებით მიღებული თანხის და  37-ე უჯრაში ასახული თანხის საშემოსავლო გადასახადის შესაბამის განაკვეთზე გამრავლებით მიღებული თანხების შეჯამებით;
ნ) 39-ე უჯრაში _ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის  მიხედვით საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული და ბიუჯეტში  გადახდილი გადასახადის თანხა, თუ დეკლარაცია ივსება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების შეაბამისად გადასახადის გადაანგარიშების ან დაბრუნების მოთხოვნით. ამასთან გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ დეკლარაციის 39-ე უჯრაში აისახება გადახდის წყაროსთან დაკავებული ის გადასახადები, რომელზეც არსებობს გადახდის დამადასტურებელი საბუთი. თუმცა, ასეთი  გადასახადების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს  დეკლარაციის 38-ე უჯრაში ასახულ საშემოსავლო გადასახადის ოდენობას;
ო) მე-40 უჯრაში _ კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი, რომელიც მიიღება 38-ე და 39-ე უჯრების მონაცემთა დადებითი სხვაობით;
პ) 41-ე უჯრაში _ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების შესაბამისად დაკავებული გადასახადის დაბრუნების მოთხოვნით ფიზიკური პირის მიერ წარდგენილი დეკლარაციით განსაზღვრული დასაბრუნებელი გადასახადის ოდენობა, რომელიც მიიღება დეკლარაციის 38-ე და 39-ე უჯრებში ასახულ მონაცემთა სხვაობით, იმ პირობით თუ 39-ე უჯრაში ასახული საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის თანხა აღემატება დეკლარაციის 38-ე უჯრაში გამოანგარიშებულ საშემოსავლო გადასახადის თანხას;
ჟ) 42-ე უჯრაში _ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 219-ე მუხლით დადგენილი ნორმებით განსაზღვრული  მომდევნო საგადასახადო წლის მიმდინარე გადასახდელების ოდენობა;
რ) 43-ე უჯრაში _ გადასახადის გადამხდელის ან სხვა ვალდებული პირის  ან/და მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის (ვინც ადასტურებს დეკლარაციაში მოცემული მონაცემების უტყუარობას და სისრულეს) გვარი და სახელი სრულად;
ს) 44-ე უჯრაში _ 43-ე უჯრაში ასახული პირის ხელმოწერა;
ტ) 45-ე უჯრაში _ 43-ე უჯრაში ასახული პირის ხელმოწერის თარიღი. აღნიშნული უჯრის პირველ ორ განაყოფში აისახება ხელმოწერის რიცხვი, მომდევნო ორ განაყოფში _ თვე და ბოლო ოთხ განაყოფში _ წელი სრულად.