საქართველოს კანონი:

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების შესრულების ანგარიშგების სრულყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი:მინისტრის ბრძანება სფერო:ბიუჯეტი
თარიღი 4/15/2009 12:00:00 AM

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება N 241
2009 წლის 15 აპრილი ქ. თბილისი

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების შესრულების ანგარიშგების სრულყოფის შესახებ

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-7 მუხლის მე-4 ნაწილის, მე-15 მუხლის პირველი ნაწილის და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის N39 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების” მე-3 მუხლის ,,მ” და ,,ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, (30.12.2009 N 902) ვბრძანებ:


მუხლი 1.
1. დამტკიცდეს:
ა) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ბალანსის შესრულების ანგარიშგების ფორმა (დანართი N1);
ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების შესრულების ანგარიშგების ფორმა (დანართი N2);
გ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის (გარდა თვითმმართველი ქალაქი თბილისისა) ბიუჯეტის გადასახდელების ორგანიზაციული კლასიფიკაციის მიხედვით შესრულების ანგარიშგების ფორმა (დანართი N3);
დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაციის შესრულების ანგარიშგების ფორმა (დანართი N4).
2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების ყოველი თვისა და კვარტალური (3, 6 და 9 თვის ნაზარდი ჯამით) შესრულების ანგარიშგების ფორმები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარედგინება, შესაბამისი საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის არაუგვიანეს 10 რიცხვისა, ხოლო წლიური შესრულების ანგარიში - არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო წლის 20 თებერვლისა. ამასთან, ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შესრულების ანგარიშგების წარდგენა განხორციელდეს, შესაბამისად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ.
3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ყოველი თვისა და კვარტალური შესრულების ანგარიშგების ფორმები უნდა მოიცავდეს ინფორმაციას შესაბამისი ბიუჯეტებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ფონდებიდან გამოყოფილი სახსრების შესახებ. ანგარიშგების გადასახდელების ნაწილში ფონდებიდან გამოყოფილი სახსრები წარმოდგენილი უნდა იქნეს ერთმანეთისგან გაუმიჯნავად, გაწერილი შესაბამის მუხლებში. აღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს წლიური და კვარტალური გეგმების, ასევე შესაბამისი პერიოდის საკასო შესრულების მიხედვით.
4. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების აღმასრულებელი ორგანოები (გარდა თვითმმართველი ქალაქი თბილისისა) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართ N3-ში მოცემულ ინფორმაციას წარადგენენ ამავე დანართის ორგანიზაციული კოდების რიგითობის დაცვით, ამასთან თითოეული კოდი ჩაშლილი უნდა იყოს ინდივიდუალურად ყოველი თვითმმართველი ერთეულისათვის, მათი დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად.
5. თვითმმართველი ქალაქი თბილისი და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი აღმასრულებელი ორგანოები ბიუჯეტის გადასახდელების ორგანიზაციული კლასიფიკაციის მიხედვით შესრულებას წარმოადგენენ შესაბამისი ბიუჯეტების დამტკიცებული ორგანიზაციული კოდების მიხედვითა და ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
6. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების კვარტალური შესრულების ანგარიშგებაზე ხელს აწერენ შესაბამისი სამინისტროს მინისტრი და შემსრულებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების კვარტალური შესრულების ანგარიშგებაზე - ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოსა და საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი.
7. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტი უზრუნველყოფს მეთოდური და პრაქტიკული დახმარების აღმოჩენას ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საფინანსო ორგანოებისთვის ბიუჯეტების შესრულების ანგარიშგების შედგენის სამუშაოთა შესრულების პროცესში.
მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს “აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ნაერთი და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგების სრულყოფის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 23 ივნისის N544 ბრძანება.
მუხლი 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი

დანართი
 

მიმღები ორგანო:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო