“საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წესის, საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) ან შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი გაცემისა და შევსების წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

(სსმ III, 30.12.2009 წ., N 159 მუხ. 2010)

რეგისტრირებულია
საქართველოს იუსტიციის
სამინისტროში
სარეგისტრაციო კოდი
230.210.000.22.033.014.052

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ერთობლივი
ბრძანება N 890–N1–1/2978
2009 წელი  30  დეკემბერი  ქ. თბილისი

“საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წესის, საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) ან შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი გაცემისა და შევსების წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საბაჟო კოდექსის 29-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 30-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებთ:
მუხლი 1.
დამტკიცდეს:
ა) ინსტრუქცია “საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წესის, საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) ან შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი გაცემისა და შევსების წესის შესახებ” (დანართი N1);
ბ) საქონლის შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატის ფორმა (დანართი N2);
გ) საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატის ფორმა “A” (დანართი N3);
დ) დეკლარაცია საქონლის კუთვნილებისა და კრიტერიუმების შესახებ (დანართი N4).
მუხლი 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად, საქონლის წარმოშობის სერტიფიკატების შესახებ ინფორმაციის ურთიერთხელმისაწვდომობის მიზნით, შეიქმნას ერთიანი ელექტრონული ბაზა, რომელშიც ასახული იქნება სათანადო მონაცემები საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გაცემული საქონლის წარმოშობის სერტიფიკატების შესახებ.
მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


კ. ბაინდურაშვილი
ზ. პოლოლიკაშვილი

დანართი N1

ინსტრუქცია

საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წესის, საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) ან შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი გაცემისა და შევსების წესის შესახებ

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქონლის წარმოშობის ქვეყანა განისაზღვრება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების გატარების მიზნით.
2. საქონლის წარმოშობის დასადასტურებლად საბაჟო ორგანოებს წარედგინება საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი ან “წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ წინასწარი საბაჟო გადაწყვეტილება” ან  ხორციელდება საქონლის წარმოშობის დეკლარირება.
3. საქონლის წარმოშობის დეკლარირება ხორციელდება საქონლის თანმხლები დოკუმენტების, საქონელთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის (მათ შორის საქონლის დათვალიერების შედეგების გათვალისწინებით) საბაჟო ორგანოსათვის მიწოდებით.
4. საქონლის წარმოშობა შეიძლება იყოს შეღავათიანი (პრეფერენციული) ან შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული). აღნიშნულის გათვალისწინებით, საქონლის წარმოშობის სერტიფიკატიც შეიძლება იყოს პრეფერენციული ან არაპრეფერენციული, ხოლო საქონლის წარმოშობის დეკლარირება ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ წინასწარი საბაჟო გადაწყვეტილების წარდგენა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ არაპრეფერენციული მიზნებისათვის.

მუხლი 2. საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატი
1. საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატი  წარმოადგენს ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ დოკუმენტს, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს საქონლის წარმოშობის ქვეყანას.
2. თუ საბაჟო ორგანო ეჭვს შეიტანს საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნამდვილობაში ან მასში აღნიშნული მონაცემების სისწორეში, მას შეუძლია თხოვნით მიმართოს სერტიფიკატის გამცემ ორგანოს ან სერტიფიკატის გამცემი ქვეყნის სხვა კომპეტენტურ უწყებას დამატებითი ან დაზუსტებული მონაცემების მისაღებად.
3. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადასტურება ხდება ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წარმოშობის სერტიფიკატით, ხოლო გატანისას _ საქართველოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წარმოშობის სერტიფიკატით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4. საქონლის რეექსპორტის დროს საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრა ხდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მისი შემოტანისას თანმხლები, ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული წარმოშობის სერტიფიკატის საფუძველზე, ხოლო სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში _ საქართველოდან საქონლის ექსპორტის დროს წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების შესაბამისად.
5. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანის დროს წარმოშობის სერტიფიკატები გაიცემა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ან საქართველოს ავტონომიურ რესპუბლიკებში საქართველოს ფინანსთა და საქართველოს ეკონომიკური განვითრების სამინისტროების მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოების მიერ. ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების ექსპორტირებისას წარმოშობის სერტიფიკატს გასცემს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი “სამტრესტი”, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესით.
6. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულ საქონელზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით გასცემს საქონლის საქართველოში წარმოშობის დამადასტურებელ შესაბამისი ფორმის სერტიფიკატს.
7. საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი ოთხი სახისაა: 
ა) საქონლის შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი (დანართი N2);
ბ) საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი – ფორმა “A“ (დანართი N3);
გ) პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი CT-1;
დ) პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1.
8. საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული)  წარმოშობის სერტიფიკატი _ ფორმა “A” გაიცემა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან განსაზღვრული საქონლის განსაზღვრულ ქვეყნებში (“პრეფერენციების გენერალიზებული სისტემის” მომნიჭებელ ქვეყნებში) ექსპორტის დროს. წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმები და სერტიფიკატის გაცემისა და შევსების წესები განისაზღვრება პრეფერენციის მომნიჭებელი ქვეყნის დირექტივებით.
9. საქონლის შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა ყველა სხვა დანარჩენ ქვეყანაში საქონლის გატანის დროს, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
10. საქონლის წარმოშობის CT-1 სერტიფიკატი გაიცემა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა საბჭოს 2000 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად.
11. საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1 გაიცემა “საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ”  2007 წლის 21 ნოემბრის შეთანხმების შესაბამისად. 

მუხლი 3. საქონლის წარმოშობის დეკლარირება
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას, თუ ამ საქონელს არ ახლავს წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ხორციელდება საქონლის წარმოშობის დეკლარირება.
2. საქონლის წარმოშობის დეკლარირების მიზნებისათვის საქონლის თანმხლები დოკუმენტებია:
ა) საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება;
ბ) ანგარიშსწორების დოკუმენტები _ ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი), პროფორმა ინვოისი, შეფუთვის ფურცელები;
გ) სერტიფიკატები _ შესაბამისობის, საქონლის გადაადგილების (EUR.1),  ვეტერინარული და ფიტოსერტიფიკატები.
3. საქონლის თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად, საქონლის წარმოშობის დეკლარირების მიზნებისათვის, პირის მიერ შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას: საქონლის დამამზადებლის ან გამყიდველის მიერ საქონელთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტები, ექსპორტიორი ან/და სატრანზიტო ქვეყნის საბაჟო დეკლარაცია, ექსპორტიორის წერილობითი განაცხადი (დეკლარაცია) ან სხვა დოკუმენტები, რომლებიც შეიცავენ მონაცემებს წარმოშობის ქვეყნის შესახებ და თან ახლავს საქონელს ან მიღებულია ფოსტით, ფაქსით ან ელექტრონული ფოსტით.
4. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილ დოკუმენტებში არ არის საკმარისი ინფორმაცია საქონლის წარმოშობის ქვეყნის შესახებ, დეკლარანტის მიერ გამოიყენება მონაცემები, რომლებიც განთავსებულია უშუალოდ საქონელზე: იარლიყები, ეტიკეტები, მარკირება და ა.შ. (გარდა შტრიხ-კოდებისა).

მუხლი 4. წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ წინასწარი საბაჟო გადაწყვეტილება
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას, თუ ამ საქონელს არ ახლავს წარმოშობის სერტიფიკატი, საქონლის წარმოშობის დადგენა შესაძლებელია “წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ წინასწარი საბაჟო გადაწყვეტილებით” (შემდგომში _ წინასწარი საბაჟო გადაწყვეტილება).
2. წინასწარ საბაჟო გადაწყვეტილებას სავალდებულო იურიდიული ძალა აქვს ყველა საბაჟო ორგანოსათვის მხოლოდ გადაწყვეტილებაში მოცემული საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის საკითხთან მიმართებით, თუ ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია (გამოცემულია) აღნიშნულ საქონელზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენამდე და დეკლარირებული საქონლის ფაქტობრივი მონაცემები და ინფორმაცია სრულად შეესაბამება იმ ინფორმაციას, რომლის საფუძველზედაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება.
3. წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ წინასწარი საბაჟო გადაწყვეტილების მიღებისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში საქონლის სინჯის ან/და ნიმუშის, ლაბორატორიული დასკვნის წარდგენის, გადაწყვეტილების მიღების ან მიღებაზე უარის თქმის, გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 91 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად.

მუხლი 5. წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმები
საქონლის ექსპორტის (რეექსპორტის) დროს საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმებია:
ა) მოცემულ ქვეყანაში მთლიანად წარმოებული საქონლის კრიტერიუმი;
ბ) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) სასაქონლო პოზიციის პირველ ოთხნიშნა დონეზე ცვლილების კრიტერიუმი;
გ) ადვალური (ღირებულებითი) წილის კრიტერიუმი;
დ) აუცილებელი პირობების, საწარმოო და ტექნოლოგიური ოპერაციების კრიტერიუმი.
   
მუხლი 6. მოცემულ ქვეყანაში მთლიანად წარმოებული საქონლის კრიტერიუმი
1. საქონელი, რომელიც მთლიანად წარმოებულია განსაზღვრულ ქვეყანაში, წარმოადგენს ამ ქვეყანაში წარმოშობილს. 
2. მოცემულ  ქვეყანაში მთლიანად წარმოებულად მიიჩნევა მხოლოდ:
ა) სასარგებლო წიაღისეული, მოპოვებული მოცემული ქვეყნის წიაღებიდან, მისი ტერიტორიული წყლიდან ან ზღვის ფსკერიდან;
ბ) მცენარეული წარმოშობის პროდუქცია, მოყვანილი ან შეგროვებული ამ ქვეყანაში;
გ) ამ ქვეყანაში გაჩენილი და გაზრდილი ცხოველები;
დ) ამ ქვეყანაში ბინადარი ცხოველებისაგან მიღებული პროდუქტები;
ე) ამ ქვეყანაში ნადირობისა და თევზჭერის შედეგად მიღებული პროდუქცია;
ვ) საზღვაო თევზჭერის შედეგად მიღებული და საზღვაო წარმოშობის სხვა პროდუქცია, მოპოვებული ამ ქვეყნის გემის საშუალებით;
ზ) ამ ქვეყნის სარეწ გემზე მიღებული პროდუქცია, რომელიც მხოლოდ ამ პუნქტის “ვ” ქვეპუნქტში აღნიშნული პროდუქციისაგან არის წარმოებული;
თ) პროდუქცია, რომელიც მოცემული ქვეყნის ფარგლებს გარეთ მდებარე ზღვის ფსკერიდან ან ზღვის ფსკერის წიაღიდან არის მიღებული, მხოლოდ იმ პირობით, თუ ქვეყანას აქვს ზღვის ფსკერის ან წიაღის ამ მონაკვეთის დამუშავების საგანგებო უფლებები;
ი) საწარმოო ოპერაციების შედეგად მიღებული ნარჩენები, ჯართი და ნახმარი ნაკეთობები, რომელთა შეგროვება განხორციელდა მოცემულ ქვეყანაში და რომელთა გამოყენება შეიძლება მხოლოდ ნედლეულად გადამუშავებისათვის;
კ) საქონელი, რომელიც წარმოებულია მოცემულ ქვეყანაში ამ პუნქტის ,,ა-ი”  ქვეპუნქტებში მითითებული პროდუქციისაგან.


მუხლი 7. საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) სასაქონლო პოზიციის პირველ ოთხნიშნა დონეზე ცვლილების კრიტერიუმი
1. საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) სასაქონლო პოზიციის პირველ ოთხნიშნა დონეზე ცვლილების კრიტერიუმი ნიშნავს საქონლის გადამუშავებას მოცემულ ქვეყანაში ისეთი დოზით, როდესაც გადასამუშავებელი საქონელი იცვლის პირველი 4 სასაქონლო პოზიციიდან თუნდაც ერთ ნიშანს (ციფრს) (მაგალითად, 2204 შეიცვალა 2205-ით). ამ შემთხვევაში ითვლება, რომ საქონელი წარმოშობილია იმ ქვეყანაში, სადაც განხორციელდა ეს ცვლილება.
2. მოცემული კრიტერიუმით საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის დროს გამოიყენება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა (სეს ესნ).

მუხლი 8. ადვალური (ღირებულებითი) წილის კრიტერიუმი
1. ადვალური (ღირებულებითი) წილის კრიტერიუმის გამოყენების დროს საქონელი ითვლება იმ ქვეყანაში წარმოშობილად, სადაც არის წარმოშობილი ამ საქონლის დასამზადებლად გამოყენებული მასალები და ნედლეული, ხოლო ამ მასალებისა და ნედლეულის ღირებულება შეადგენს მზა პროდუქციის ღირებულების სულ ცოტა 51%-ს.
2. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მასალებისა და ნედლეულის წარმოშობის ქვეყნები სხვადასხვაა და მათი საერთო ღირებულება აჭარბებს მზა პროდუქციის ღირებულების 51%-ს, მაშინ მზა პროდუქცია ჩაითვლება იმ ქვეყანაში წარმოშობილად, სადაც არის წარმოშობილი ის მასალა და ნედლეული, რომელთა ღირებულების პროცენტული წილი უდიდესია.
3. იმ შემთხვევებში, როდესაც წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმი გამოიხატება ადვალური  (ღირებულებითი) წილის წესით, ღირებულებები, რომელთა გათვალისწინება ხდება, უნდა იყოს შემდეგი:
ა) შემოტანილი მასალებისათვის – მათი საბაჟო ღირებულება შემოტანისას;
ბ) მზა საქონლისათვის – ფასი ფრანკოქარხნის ან ექსპორტის საბაჟო ღირებულების მიხედვით.

მუხლი 9. აუცილებელი პირობების, საწარმოო და ტექნოლოგიური ოპერაციების კრიტერიუმი
1. საქონელი, რომლის წარმოებაში ჩაბმული იყო ორი ან მეტი ქვეყანა, ჩაითვლება იმ ქვეყანაში წარმოშობილად, სადაც მან განიცადა ბოლო მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია.
2. ამ მუხლის მიზნებისათვის ტერმინი “ბოლო მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია” ნიშნავს მნიშვნელოვან და ეკონომიკურად გამართლებულ გადამუშავებას ან ამ მიზნებისათვის აღჭურვილ საწარმოში შესრულებულ სამუშაოს, რომლის შედეგადაც წარმოებულ იქნა ახალი პროდუქცია, ან რომელიც წარმოადგენს წარმოების პროცესის მნიშვნელოვან ეტაპს.

მუხლი 10.  ოპერაციები, რომლებიც არ გაითვალისწინება საქონლის წარმოშობის ქვეყნის კრიტერიუმის დადგენის დროს
1. ოპერაციები, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ საქონლის ძირითადი მახასიათებლების ან თვისებების მიღებას, ან უზრუნველყოფენ მათ მხოლოდ უმნიშვნელო ოდენობით, ძირითადად კი, ოპერაციები, რომლებიც შეიცავენ ერთ ან რამდენიმე ოპერაციას ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, არ უნდა იქნეს მიჩნეული როგორც საქონლის წარმოებისა და გადამუშავებისათვის მნიშვნელოვანი ოპერაციები:
ა) ოპერაციები, რომლებიც აუცილებელია საქონლის ტრანსპორტირების ან შენახვის უზრუნველსაყოფად;
ბ) საქონლის გარეგანი სახის ან კომერციული ხარისხის გაუმჯობესების ან მისი ტრანსპორტირებისათვის მომზადების ოპერაციები, რომლებშიც შედის საქონლის პარტიის დაყოფა, შეფუთვების დაჯგუფება, სორტირება, მარკირება, მეორეული შეფუთვა;
გ) მარტივი აწყობითი ოპერაციები;
დ) სხვადასხვა წარმოშობის საქონლის შერევა იმ პირობით, რომ მიღებული პროდუქციის მახასიათებლები არსებითად არ განსხვავდება იმ პროდუქტების მახასიათებლებისაგან, რომელთა შერევა ხდება.
2. აუწყობელი ან დაშლილი საქონელი, რომლის შემოტანა ხდება ორზე მეტი პარტიით, მათი ერთი პარტიით შემოტანის მიზანშეუწონლობის გამო, სატრანსპორტო ან საწარმოო ხასიათის მიზეზით, იმპორტიორის მოთხოვნით მიჩნეულ უნდა იქნეს ერთ ნაკეთობად მისი წარმოშობის დასადგენად.       
3. წარმოშობის განსაზღვრის მიზნით შეფუთვა უნდა ჩაითვალოს იმავე ქვეყანაში წარმოშობილად როგორც შეფუთული საქონელი.
4. საქონლის წარმოშობის განსაზღვრის მიზნით იმ შემთხვევებში, როდესაც ითვლება, რომ შეფუთვა იმავე წარმოშობისაა რაც საქონელი, უნდა გავითვალისწინოთ მხოლოდ ის შეფუთვა, რომელშიც ჩვეულებრივ ხდება ამ საქონლის რეალიზაცია საცალო ვაჭრობაში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება ადვალური (ღირებულებითი) წილის კრიტერიუმი.
5. საქონლის წარმოშობის განსაზღვრის დროს არ გაითვალისწინება ენერგიის, მოწყობილობების, მანქანა-იარაღების წარმოშობის ქვეყანა, რომლებიც გამოიყენება საქონლის წარმოებისა და გადამუშვებისათვის.

მუხლი 11. საქონლის შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატის  (დანართი N2) ფორმა, შევსების ენა და გაცემა
1. საქონლის შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი (შემდგომში _ არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი) არის საქონლის აღწერის განსაზღვრული ფორმის დოკუმენტი, რომლითაც მისი გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანო ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ საქონელი, რომელზეც გაცემულია ეს სერტიფიკატი, წარმოშობილია მოცემული ქვეყნიდან.
2. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის წარდგენა საბაჟო ორგანოსათვის სავალდებულო არ არის, გარდა კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. საბაჟო ორგანოს უფლება აქვს წერილობით მიმართოს ექსპორტიორი ქვეყნის არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გამცემ უფლებამოსილ ორგანოს არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის ნამდვილობასა და/ან თაღლითობაში ეჭვის შეტანის შემთხვევაში.
4. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის ბლანკები უნდა იყოს დაბეჭდილი:
ა) საქართველოდან საქონლის ექსპორტის (რეექსპორტის) დროს ქართულ ან/და ინგლისურ ენებზე;
ბ) საქართველოში საქონლის იმპორტის დროს ინგლისურ ან ფრანგულ ენებზე.
5. იმ შემთხვევებში, როდესაც არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი არ ივსება ქართულად, საბაჟო ორგანოებმა არ უნდა მოითხოვონ არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატში მოცემული ინფორმაციის თარგმანი.
6. საქართველოში არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანოები ვალდებული არიან სულ ცოტა 3 წლის განმავლობაში შეინახონ განცხადებები ან საკონტროლო ეგზემპლარები, რომლებიც ეხება მათ მიერ გაცემულ არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატებს.
7. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი უნდა გაფორმდეს A4 ფორმატის (210X297მმ) საერთაშორისო ნიმუშის ბლანკზე, რომელიც შემუშავებულია სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (სსო) მიერ.
8. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი ივსება 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი არის ფერადი, ხოლო დანარჩენი – თეთრი.
9. ფერადი და ორი თეთრი ეგზემპლარი გადაეცემა ექსპორტიორს, ხოლო ერთი თეთრი ეგზემპლარი რჩება გამცემ ორგანოს.
10. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის როგორც ფერადი, ისე თეთრი ეგზემპლარები წარმოადგენს ორიგინალს. საბაჟო ორგანო საქონლის ექსპორტის (რეექსპორტის) დროს იტოვებს თეთრი ფერის ეგზემპლარს, ხოლო იმპორტის დროს _ შესაბამისი ქვეყნის გაცემულ ორიგინალს. ექსპორტის დროს სერტიფიკატის წარდგენა ნებაყოფლობითია.
11. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში ექსპორტიორის განცხადების საფუძველზე დამატებით შეიძლება გაიცეს არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის დუბლიკატი.
12. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემაზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში გამცემი ორგანოს უფლებამოსილი პირი ექსპორტიორს გადასცემს დადგენილი წესით გაფორმებულ არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის ეგზემპლარებს და შესაბამის ჩანაწერს აკეთებს რეესტრში.
13. განმცხადებლის მიერ შესაბამისი რაოდენობის არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის მიღება დასტურდება რეესტრში მისი ხელმოწერით.
14. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა ექსპორტიორის განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
15. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემაზე უარყოფითი გადაწყვეტილება უნდა იყოს მოტივირებული, რის შესახებაც შესაბამისი ჩანაწერი კეთდება რეესტრში. განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ გამცემი ორგანო მას აცნობებს წერილობით.
16. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტებია:
ა) განცხადება (იგი უნდა შეიცავდეს საქონლის დასახელებას სასაქონლო კოდის ოთხნიშნა დონეზე მითითებით, საქონლის ოდენობას, ექსპორტიორისა და იმპორტიორის დასახელებას, მისამართსა და ქვეყანას);
ბ) დეკლარაცია საქონლის კუთვნილებისა და კრიტერიუმების შესახებ, ამ ბრძანების დანართი N4-ის შესაბამისად;
გ) კონტრაქტი;
დ) ანგარიშფაქტურა.
17. არაპრეფერენციული სერტიფიკატის გამცემი ორგანო იტოვებს და ინახავს განცხადებას და ამ მუხლის მე-16 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტების ასლებს დადგენილი წესით.
   
მუხლი 12. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის (დანართი N2) შევსების წესი
1. გრაფა N1 _ მიეთითება ექსპორტიორის სამართლებრივი ფორმა და დასახელება, იურიდიული მისამართი და ქვეყანა. 
2. გრაფა N2 _ აღინიშნება სერტიფიკატის ნომერი და მიეთითება “ორიგინალი”. თუ არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა დაკარგული ან დაზიანებული ორიგინალის სანაცვლოდ, ახალ სერტიფიკატზე სათაურთან მიეთითება სიტყვა “დუბლიკატი”. სერტიფიკატის ორიგინალისა და დუბლიკატის ასლებზე სათაურის გვერდით მიეთითება სიტყვა “ასლი”. ეს გრაფა ასევე განკუთვნილია იმ ორგანიზაციის დასახელების (ლოგოტიპი, ემბლემა) მითითებისათვის, რომელიც გასცემს სერტიფიკატს და უნდა მოიცავდეს ადგილს სხვა ოფიციალური ხასიათის ინფორმაციის შესატანად.
3. გრაფა N3 _ მიეთითება იმპორტიორის სამართლებრივი ფორმა და დასახელება, იურიდიული მისამართი და ქვეყანა. ამ გრაფაში გათვალისწინებული ცნობები შეიძლება შეიცვალოს წარწერით “საორდერო” და, თუ ეს შესაძლებელი იქნა, დანიშნულების ქვეყნის სახელით.
4. გრაფა N4 _ ეს გრაფა შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამატებითი ინფორმაციის შესატანად სატრანსპორტო საშუალების, მისი მარშრუტის შესახებ და ა.შ., რომელიც მითითებულ იქნება აუცილებლობის შემთხვევაში არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებით.
5. გრაფა N5 _ მიეთითება საქონლის ადგილების რაოდენობა და საქონლის დასახელება სეს ესნ-ის ოთხნიშნა კოდის დონეზე.
6. გრაფა N6 _ მიეთითება საქონლის ბრუტო წონა.
7. გრაფა N7 _ მიეთითება საქონლის ანგარიშ-ფაქტურის (ინვოისის) ნომერი და თარიღი.
8. გრაფა N8 _ ეს გრაფა დატოვებულია ცნობებისათვის (მაგ. რეექსპორტის დროს წინმსწრები სერტიფიკატის რეკვიზიტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში). აქვე დაისმება არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გამცემი ორგანოს ბეჭედი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
9. მე-9 გრაფაში აღინიშნება საქონლის წარმოშობის ქვეყანა.
10. მე-10 გრაფში აღინიშნება სერტიფიკატის გამცემი ორგანო.
11. მე-11 გრაფაში მიეთითება სერტიფიკატის გაცემის თარიღი და დრო.
12. მე-12 გრაფაში დაისმება სერტიფიკატის გაცემაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა.
13. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის შევსების დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები:
ა) ბლანკები შესაძლებელია შეივსოს ნებისმიერი ხერხით, ამასთან, ჩანაწერები არ უნდა იშლებოდეს და გარკვევით უნდა იყოს დაწერილი;
ბ)  აღნიშვნებისა და შესწორებების გაკეთება არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატებზე დაუშვებელია;

გ)  შეუვსებელ გრაფებში აუცილებლად უნდა იყოს გასმული ხაზი მათში შემდგომი დამატებების შეტანის თავიდან ასაცილებლად.
   
მუხლი 13. საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი _ ფორმა “A”-ს (დანართი N3) ფორმა, შევსების ენა და გაცემა 
1. საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი _ ფორმა “A” (შემდგომში _ პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი) არის საქონლის აღწერის განსაზღვრული ფორმის დოკუმენტი, რომლითაც მისი გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანო ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ საქონელი, რომელზეც გაცემულია ეს სერტიფიკატი, წარმოშობილია მოცემული ქვეყნიდან.
2. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის ბლანკები უნდა იყოს დაბეჭდილი ინგლისურ ენაზე.
3. საქართველოში პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანოები ვალდებული არიან შეინახონ სულ ცოტა 3 წლის განმავლობაში განცხადებები ან საკონტროლო ეგზემპლარები, რომლებიც ეხება მათ მიერ გაცემულ პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატებს.
4. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი უნდა გაფორმდეს A4 ფორმატის (210X297მმ) საერთაშორისო ნიმუშის ბლანკზე, რომელიც შემუშავებულია სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (სსო) მიერ.
5. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი ივსება 3 ეგზემპლარად, რომელთაგან ორი არის ფერადი, ხოლო ერთი _ თეთრი.
6. ერთი ფერადი და თეთრი ეგზემპლარი გადაეცემა ექსპორტიორს, ხოლო ერთი ფერადი ეგზემპლარი რჩება გამცემ ორგანოს.
7. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის როგორც ფერადი, ისე თეთრი ეგზემპლარები წარმოადგენს ორიგინალს. საბაჟო ორგანოში საქონლის ექსპორტისას თეთრი ფერის ეგზემპლარის წარდგენა ნებაყოფლობითია.
8. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში ექსპორტიორის განცხადების საფუძველზე დამატებით შეიძლება გაიცეს პრეცერენციული წარმოშობის სერტიფიკატის დუბლიკატი.
9. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემაზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში გამცემი ორგანოს უფლებამოსილი პირი ექსპორტიორს გადასცემს დადგენილი წესით გაფორმებულ პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის ეგზემპლარებს და შესაბამის ჩანაწერს აკეთებს რეესტრში.
10. განმცხადებლის მიერ შესაბამისი რაოდენობის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის მიღება დასტურდება რეესტრში მისი ხელმოწერით.
11. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა ექსპორტიორის განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
12. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემაზე უარყოფითი გადაწყვეტილება უნდა იყოს მოტივირებული, რის შესახებაც შესაბამისი ჩანაწერი კეთდება რეესტრში. განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ გამცემი ორგანო მას აცნობებს წერილობით.
13. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტებია:
ა) განცხადება (იგი უნდა შეიცავდეს საქონლის დასახელებას სეს ესნ-ის თერთმეტნიშნა კოდის დონეზე, საქონლის ოდენობას, ექსპორტიორისა და იმპორტიორის დასახელებას, მისამართსა და ქვეყანას);
ბ) დეკლარაცია საქონლის კუთვნილებისა და კრიტერიუმების შესახებ, ამ ბრძანების დანართი N4-ის შესაბამისად;
გ) კონტრაქტი;
დ) ანგარიშფაქტურა (ინვოისი).
14. პრეფერენციული სერტიფიკატის გამცემი ორგანო იტოვებს და ინახავს განცხადებას და ამ მუხლის მე-13 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტების ასლებს დადგენილი წესით.
 
მუხლი 14. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის (დანართი N3) შევსების წესები
1. გრაფა N1 _ მიეთითება ექსპორტიორის სამართლებრივი ფორმა და დასახელება, იურიდიული მისამართი და ქვეყანა. 
2. გრაფა N2 _ მიეთითება საქონლის მიმღების დასახელება, იურიდიული მისამართი და ქვეყანა ისეთი სიზუსტით, რამდენადაც ეს ცნობილია.
3. გრაფა N3 _ ეს გრაფა შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამატებითი ინფორმაციის შესატანად სატრანსპორტო საშუალების და მისი მარშრუტის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ ეს ცნობილია.
4. გრაფა N4 _ ეს გრაფა დატოვებულია დამატებითი ოფიციალური ცნობებისათვის. შევსება არ არის სავალდებულო.
5. გრაფა N5 _ საქონლის ნუმერაცია იმ შემთხვევაში, თუ ერთ სერტიფიკატში რამდენიმე სახეობის საქონლის ჩამონათვალია. შევსება არ არის სავალდებულო.
6. გრაფა N6 _ მიეთითება საქონლის შეკვრების ნომერი და ნიშნები. შევსება არ არის სავალდებულო.
7. გრაფა N7 _ მიეთითება საქონლის შეკვრების რაოდენობა და სახეობა, საქონლის დასახელება (სეს ესნ-ის კოდი (არანაკლებ ოთხნიშნა დონეზე) და სხვა ცნობები, რაც საქონლის იდენტიფიკაციისათვის არის აუცილებელი.
8. გრაფა N8 _ მიეთითება წარმოშობის კრიტერიუმები.
9. გრაფა N9 _ მიეთითება საქონლის ბრუტო წონა ან საქონლის სხვა რაოდენობრივი მაჩვენებელი.
10. გრაფა N10 _ მიეთითება საქონლის ანგარიშფაქტურის (ინვოისის) ნომერი და თარიღი.
11. გრაფა N11 _ მიეთითება სერტიფიკატის გამცემი ორგანოს უფლებამოსილი პირის თანამდებობა, დამოწმებული მისი ხელმოწერით და ბეჭდით.
12. გრაფა N12 _ ისმება ექსპორტიორის ხელმოწერა და ბეჭედი (არსებობის შემთხვევაში).
13. წარმოშობის სერტიფიკატის შევსების დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები:
ა) ბლანკები შესაძლებელია შეივსოს ნებისმიერი ხერხით. ამასთან, ჩანაწერები არ უნდა იშლებოდეს და გარკვევით უნდა იყოს დაწერილი;
ბ) სერტიფიკატებზე აღნიშვნებისა და შესწორებების შემთხვევაში აუცილებელია მისი დამოწმება ბეჭდით;
გ)  N5, N6, N7, N8, N9 და N10 გრაფების შეუვსებელ ნაწილში აუცილებლად უნდა იყოს გასმული ხაზი, მათში შემდგომი დამატებების შეტანის თავიდან ასაცილებლად.
    
მუხლი 15. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის შევსების ენა და გაცემა
1. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი CT-1 (შემდგომში _ წარმოშობის სერტიფიკატი CT-1) არის საქონლის აღწერის განსაზღვრული ფორმის დოკუმენტი, რომლითაც მისი გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანო ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ საქონელი, რომელზეც გაცემულია ეს სერტიფიკატი, წარმოშობილია მოცემული ქვეყნიდან.
2. წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის სერტიფიკატის ბლანკები უნდა იყოს დაბეჭდილი რუსულ ენაზე.
3. საქართველოში წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანოები ვალდებული არიან სულ ცოტა 3 წლის განმავლობაში შეინახონ განცხადებები ან საკონტროლო ეგზემპლარები, რომლებიც ეხება მათ მიერ გაცემულ წარმოშობის სერტიფიკატებს  CT-1.
4. წარმოშობის სერტიფიკატი CT-1 უნდა გაფორმდეს A4 ფორმატის (210X297 მმ) საერთაშორისო ნიმუშის ბლანკზე, რომელიც შემუშავებულია სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (სსო) მიერ.
5. წარმოშობის სერტიფიკატი CT-1 ივსება 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი არის ფერადი, ხოლო დანარჩენი – თეთრი.
6. ფერადი და ორი თეთრი ეგზემპლარი გადაეცემა ექსპორტიორს, ხოლო ერთი თეთრი ეგზემპლარი რჩება გამცემ ორგანოს.
7. წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის როგორც ფერადი, ისე თეთრი ეგზემპლარები წარმოადგენს ორიგინალს. საბაჟო ორგანოში საქონლის ექსპორტისას თეთრი ფერის ეგზემპლარის წარდგენა ნებაყოფლობითია.
8. წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში ექსპორტიორის განაცხადის საფუძველზე დამატებით შეიძლება გაიცეს წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის დუბლიკატი.
9. წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის გაცემის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამცემი ორგანოს უფლებამოსილი პირი ექსპორტიორს გადასცემს დადგენილი წესით გაფორმებულ წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის ეგზემპლარებს და შესაბამის ჩანაწერს აკეთებს რეესტრში.
10. განმცხადებლის მიერ შესაბამისი რაოდენობის წარმოშობის სერტიფიკატის CT-1-ის მიღება დასტურდება რეესტრში მისი ხელმოწერით.
11. წარმოშობის სერტიფიკატი CT-1 გაიცემა ექსპორტიორის განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
12. წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის გაცემაზე უარყოფითი გადაწყვეტილება უნდა იყოს მოტივირებული, რის შესახებაც ჩანაწერი კეთდება რეესტრში. განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ გამცემი ორგანო მას აცნობებს წერილობით.
13. წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტებია:
ა) განცხადება (იგი უნდა შეიცავდეს საქონლის დასახელებას სეს ესნ-ის კოდის ოთხნიშნა დონეზე მითითებით, საქონლის ოდენობას, ექსპორტიორისა და იმპორტიორის დასახელებას, მისამართსა და ქვეყანას);
ბ) დეკლარაცია საქონლის კუთვნილებისა და კრიტერიუმების შესახებ, ამ ბრძანების დანართი N4-ის შესაბამისად;
გ) კონტრაქტი;
დ) ანგარიშფაქტურა.
14. სერტიფიკატის გამცემი ორგანო იტოვებს და ინახავს განცხადებას და ამ მუხლის მე-13 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტების ასლებს დადგენილი წესით.

მუხლი 16. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის შევსების ენა და გაცემა 
1. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1 (შემდგომში _ წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1) არის საქონლის აღწერის განსაზღვრული ფორმის დოკუმენტი, რომლითაც მისი გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანო ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ საქონელი, რომელზედაც გაცემულია ეს სერტიფიკატი, წარმოშობილია მოცემული ქვეყნიდან.
2. წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის ბლანკები უნდა იყოს დაბეჭდილი ინგლისურ ენაზე.
3. საქართველოში წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანოები ვალდებული არიან შეინახონ სულ ცოტა 3 წლის განმავლობაში განცხადებები ან საკონტროლო ეგზემპლარები, რომლებიც ეხება მათ მიერ გაცემულ წარმოშობის სერტიფიკატებს EUR.1.
4. წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1 უნდა გაფორმდეს A4 ფორმატის (210X297 მმ) საერთაშორისო ნიმუშის ბლანკზე.
5. წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1 ივსება 3 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი არის ფერადი, ხოლო დანარჩენი – თეთრი.
6. ფერადი და ერთი თეთრი ეგზემპლარი გადაეცემა ექსპორტიორს, ხოლო ერთი თეთრი ეგზემპლარი რჩება გამცემ ორგანოს.
7. წარმოშობის სერტიფიკატის EUR.1-ის როგორც ფერადი,  ისე თეთრი ეგზემპლარები წარმოადგენს ორიგინალს, საბაჟო ორგანოში საქონლის ექსპორტისას თეთრი ფერის ეგზემპლარის წარდგენა ნებაყოფლობითია.
8. წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის  დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში ექსპორტიორის განაცხადის საფუძველზე დამატებით შეიძლება გაიცეს წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის  დუბლიკატი.
9. წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის გაცემის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამცემი ორგანოს უფლებამოსილი პირი ექსპორტიორს გადასცემს დადგენილი წესით გაფორმებულ წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის ეგზემპლარებს და შესაბამის ჩანაწერს აკეთებს რეესტრში.
10. განმცხადებლის მიერ შესაბამისი რაოდენობის წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის მიღება დასტურდება რეესტრში მისი ხელმოწერით.
11. წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1 გაიცემა ექსპორტიორის განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
12. წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის გაცემაზე უარყოფითი გადაწყვეტილება უნდა იყოს მოტივირებული, რის შესახებაც ჩანაწერი კეთდება რეესტრში. განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ გამცემი ორგანო მას აცნობებს წერილობით.
13. წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტებია:
ა)  განცხადება;
ბ) დეკლარაცია საქონლის კუთვნილებისა და კრიტერიუმების შესახებ ამ ბრძანების დანართი N4-ის შესაბამისად;
გ) კონტრაქტი;
დ) ანგარიშფაქტურა.
14. წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის გამცემი ორგანო იტოვებს და ინახავს განცხადებას და ამ მუხლის მე-13 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტების ასლებს დადგენილი წესით.

დანართი N2:

დანართი N3:

დანართი N4: