საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება N 672
2010 წლის 25 აგვისტო ქ. თბილისი

საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე

 


“საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის” მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაცია.
2. ამოღებულია (8.07.2011 N 678)
3. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს “საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 15 მარტის ბრძანება N153.
4. ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 6 სექტემბრიდან.

 

კ. ბაინდურაშვილი

საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაცია

თავი I
ტერმინთა განმარტებები

ქვემოთ მოცემული ტერმინები გამოყენებულია მხოლოდ ამ ბრძანებით დამტკიცებული საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიზნებისათვის

 

1. არასაბაზრო წესით შესყიდვა/გაყიდვა – საქონლისა და მომსახურების შესყიდვა/გაყიდვა ეკონომიკურად უმნიშვნელო ფასებით.
2. საბაზრო წესით შესყიდვა/გაყიდვა – საქონლისა და მომსახურების შესყიდვა/გაყიდვა მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე ჩამოყალიბებული საბაზრო ფასების საფუძველზე.
3. ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ფასი – ფასი (გარდა მონოპოლიურად მაღალი ფასებისა), რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს იმ პროდუქციის ოდენობაზე, რომელზეც გამყიდველი თანახმაა მიაწოდოს და მყიდველი თანახმაა შეისყიდოს.
4. ეკონომიკურად უმნიშვნელო ფასი – ფასი (გარდა მონოპოლიურად მაღალი ფასებისა), რომელიც მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს იმ პროდუქციის ოდენობაზე, რომელზეც გამყიდველი თანახმაა მიაწოდოს და მყიდველი თანახმაა შეისყიდოს.
5. მცირეფასიანი აქტივი – 500 ლარზე ნაკლები ღირებულების და ერთ წელზე მეტი ვადით, მრავალჯერადი გამოყენების ტექნიკა, ინვენტარი და მოწყობილობა.
6. აქტივების გასვლა – ყველა ოპერაცია, რომელიც ამცირებს ერთეულის აქტივების მოცულობას (გაყიდვა, გასხვისება, ჩამოწერა და სხვა), გარდა ძირითადი კაპიტალის მოხმარებისა.
7. კორპორაცია – იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქონლისა და/ან მომსახურების წარმოების და ბაზარზე რეალიზაციის მიზნით და დამფუძნებლებისათვის წარმოადგენს მოგების ან სხვა ეკონომიკური სარგებლის მიღების წყაროს.
8. სახელმწიფო ერთეული – ცენტრალური და ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებების მმართველობის და ადგილობრივი ხელისუფლების თვითმმართველობის ერთეული.
9. სოციალური დაზღვევის სქემაში მონაწილეობა – სოციალური დახმარების მიღების უფლების მოპოვების მიზნით დასაქმებულის მიერ ავტონომიურ ან არაავტონომიურ საპენსიო ფონდებში შენატანების განხორციელება.
10. ტრანსფერი – გარკვეული მიზნით ფულადი სახსრების გადაცემა.
11. საბიუჯეტო კლასიფიკაციის თანრიგები:
– შემოსავლების კლასიფიკაციაში პირველი თანრიგი გამოისახება ერთციფრიანი კოდით, მეორე თანრიგი – ორციფრიანი კოდით, მესამე თანრიგი – სამციფრიანი კოდით, მეოთხე თანრიგი – ოთხციფრიანი კოდით, მეხუთე თანრიგი – ხუთი ან ექვსციფრიანი კოდით, მეექვსე თანრიგი – ექვსი ან შვიდციფრიანი კოდით, მეშვიდე თანრიგი – შვიდციფრიანი კოდით და მერვე თანრიგი – რვაციფრიანი კოდით.
– ხარჯების ეკონომიკურ კლასიფიკაციაში პირველი თანრიგი გამოისახება ერთციფრიანი კოდით, მეორე თანრიგი – ორციფრიანი კოდით, მესამე თანრიგი – სამ ან ოთხციფრიანი კოდით, მეოთხე თანრიგი – ოთხ, ხუთ ან ექვსციფრიანი კოდით, მეხუთე თანრიგი – ხუთ ან ექვსციფრიანი კოდით.
– არაფინანსური აქტივების და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციაში მეორე თანრიგი გამოისახება ორციფრიანი კოდით, მესამე თანრიგი – სამციფრიანი კოდით, მეოთხე თანრიგი – ოთხციფრიანი კოდით, მეხუთე თანრიგი – ხუთ ან ექვსციფრიანი კოდით, მეექვსე თანრიგი – ექვს ან შვიდციფრიანი კოდით.
– ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციაში მეორე თანრიგი გამოისახება ორციფრიანი კოდით, მესამე თანრიგი – სამციფრიანი კოდით, მეოთხე თანრიგი – ოთხციფრიანი კოდით.
– ხარჯებისა და არაფინანსურ აქტივებზე ოპერაციების ფუნქციონალურ კლასიფიკაციაში კლასიფიკაციის პირველი თანრიგი გამოისახება – ერთციფრიანი კოდით, მეორე თანრიგი –სამციფრიანი კოდით, მესამე თანრიგი – ოთხციფრიანი კოდით და მეოთხე თანრიგი – ხუთციფრიანი კოდით.
შენიშვნა*: ამ ბრძანების თავებში არსებულ ცხრილებში სიტყვა „კოდის“ ქვეშ იგულისხმება შესაბამისი საბიუჯეტო კლასიფიკაციის თანრიგი.
შენიშვნა**: იმ შემთხვევაში თუ კლასიფიცირების დროს ვერ ხერხდება რამოდენიმე ტიპის გადასახდელის ერთმანეთისგან გამიჯვნა, მაშინ იგი მთლიანად მიიმართება იმ კატეგორიაში, რომლის წილიც მეტია.
შენიშვნა*** სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელებისას აღნიშნული კლასიფიკაციით გათვალისწინებულ დებულებებთან დაკავშირებით მეთოდური მითითებების გაცემაზე უფლებამოსილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური. (8.07.2011 N 678)
 

დანართი