ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №633
2011 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი


ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ


საქართველოს საგადასახადო კოდექსის 125-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
 მუხლი 1
 დამტკიცდეს „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესი“ და თანდართული ფორმები (ფორმა №1, ფორმა №2, ფორმა №3, ფორმა №4).
 მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 2 მარტის №145 ბრძანება „საქართველოს მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათების მინიჭებისა და ამ შეთანხმებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში არარეზიდენტის მიერ საქართველოში გადახდილი გადასახადის არარეზიდენტისთვის დაბრუნების წესი“.
 მუხლი 3
ამ ბრძანების ამოქმედებამდე საგადასახადო ორგანოებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 2 მარტის №145 ბრძანებით „საქართველოს მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათების მინიჭებისა და ამ შეთანხმებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში არარეზიდენტის მიერ საქართველოში გადახდილი გადასახადის არარეზიდენტისთვის დაბრუნების წესი“ განსაზღვრული წესით შევსებული და წარმოდგენილი ფორმები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას. 
 მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.
დ. გვინდაძე


ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესი 

 მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის მიზნით საქართველოს მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო შეთანხმების შესაბამისად (შემდგომში - საერთაშორისო შეთანხმება) საგადასახადო შეღავათით სარგებლობის, ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების და საქართველოს რეზიდენტობის დადასტურების პროცედურებს.
2. საერთაშორისო შეთანხმებით გათვალისწინებული ნორმების გამოყენება და საგადასახადო ორგანოს ინფორმირება ხორციელდება ამ ბრძანებით დამტკიცებული ფორმების მეშვეობით,          კერძოდ:
ა) საქართველოს რეზიდენტის მიერ ივსება: ფორმა №1 „საგადასახადო აგენტის ინფორმაცია არარეზიდენტისათვის წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებაზე ან შემცირებაზე“ და ფორმა №4 “რეზიდენტობის ცნობის მოთხოვნა“;
ბ) საქართველოს არარეზიდენტის მიერ ივსება: ფორმა №2 “არარეზიდენტის დეკლარაცია საქართველოში გადახდილი/დაკავებული გადასახადების შესახებ და მოთხოვნა თანხის დაბრუნების თაობაზე” და ფორმა №3 “არარეზიდენტის მიერ საქართველოში გადახდილი/დაკავებული გადასახადების შესახებ ცნობის მოთხოვნა“;
გ) საგადასახადო ორგანოს მიერ ივსება: ფორმა №3-ის V ნაწილი „საქართველოს საგადასახადო ორგანოს ცნობა” და ფორმა №4-ის II ნაწილი “რეზიდენტობის ცნობა შესაბამისი წლისთვის”.
3. შემოსავლის სახის აღსანიშნავად, გამოიყენება შემდეგი კოდები:
ა) პროცენტი – 01;
ბ) დივიდენდი – 02;
გ) ნამეტი შემოსავალი - 03;
დ) როიალტი – 04;
ე) ანაზღაურება დამოუკიდებელი პირადი მომსახურებისათვის – 05;
ვ) ანაზღაურება დაქირავებით მუშაობისათვის – 06;
ზ) სხვა შემოსავალი – 07 (განსხვავებული ტიპის შემოსავლის სახეების არსებობისას, თითოეული შემოსავლის სახე მიეთითება ცალ-ცალკე);
4. ფორმები ივსება ქართულ ან ინგლისურ ენაზე. სახელწოდებისა და მისამართის მითითებისას, დასაშვებია გრაფების სხვა უცხო ენებზე შევსება ლათინური ანბანის გამოყენებით. სხვა უცხო ენაზე შევსების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენისას ფორმებს და თანდართულ დოკუმენტებს უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.
5. საგადასახადო ორგანო ვალდებულია მოთხოვნის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წერილობით აცნობოს გადაწყვეტილება განმცხადებელს ან გასცეს შესაბამისი ცნობა. ამასთან, მოთხოვნის ხარვეზით წარდგენის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო პირს განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა.
6. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნულ ვადაში გადაწყვეტილების მიღება ან ცნობის გაცემა, საგადასახადო ორგანო ვალდებულია განმცხადებელს აცნობოს გადაწყვეტილების მიღების ან ცნობის გაცემის სავარაუდო თარიღი.
7. საგადასახადო ორგანო საქართველოს რეზიდენტის მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოფს აღნიშნული ცნობის უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოსათვის გაგზავნას.
8. შემოსავლის მიმღების რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობა, ამ წესის მიზნებისათვის ძალაშია ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული იმ პერიოდისათვის, რომლის განმავლობაშიც დასტურდება შემოსავლის მიმღების რეზიდენტობა.
9. უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობა არ საჭიროებს აპოსტილით დამოწმებას ან ლეგალიზებას.
 მუხლი 2. საგადასახადო აგენტის ინფორმაცია არარეზიდენტისათვის წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებაზე ან შემცირებაზე (ფორმა №1)
1. საგადასახადო აგენტის ინფორმაციას არარეზიდენტისათვის წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებაზე ან შემცირებაზე (ფორმა №1) საგადასახადო აგენტი საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენს საგადასახადო ორგანოს.
2. ფორმა №1-ს უნდა დაერთოს შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული, შემოსავლის მიმღების რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობა და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.
3. თუ თანხის გადახდა ხორციელდება უცხოურ ვალუტაში, გადახდილი თანხა ლარში განისაზღვრება გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსით, აღნიშნულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში.
4. ფორმა №1-ის შევსების წესი:
ა) ფორმა №1-ის I გრაფაში მიეთითება მონაცემები საგადასახადო აგენტის შესახებ;
ბ) ფორმა №1-ის II გრაფაში მიეთითება საგადასახადო აგენტის საიდენტიფიკაციო ნომერი;
გ) ფორმა №1-ის III გრაფაში მიეთითება საგადასახადო აგენტის სრული მისამართი (მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი ან იურიდიული მისამართი);
დ) ფორმა №1-ის IV გრაფაში მიეთითება:
_ შემოსავლის მიმღების სახელი, გვარი/სახელწოდება;
_ შემოსავლის მიმღების საიდენტიფიკაციო ნომერი;
_ ქვეყანა, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს შემოსავლის მიმღები;
_ ხელშეკრულების ნომერი /თარიღი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
_ საგადასახადო აგენტის მიერ შემოსავლის მიმღებისათვის თანხის გადახდის თარიღი;
_ იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო აგენტი გათავისუფლებულია წყაროსთან დაკავების ვალდებულებისაგან, ივსება სვეტი „გადახდილი თანხა წყაროსთან დაუკავებლობის შემთხვევაში“, ხოლო თუ შემოსავლის მიმღები სარგებლობს საერთაშორისო შეთანხმებით გათვალისწინებული შეღავათიანი საგადასახადო განაკვეთით, ივსება სვეტი „წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის განაკვეთის შემცირების შემთხვევაში“ და მიეთითება წყაროსთან დაკავებული გადასახადის განაკვეთი საქართველოს საგადასახადო კოდექსის და საერთაშორისო შეთანხმების შესაბამისად და დაკავებული თანხის ოდენობა;
ე) ფორმა №1-ის V გრაფაში საგადასახადო აგენტი ადასტურებს მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის უტყუარობასა და სისრულეს. 
 მუხლი 3. არარეზიდენტის დეკლარაცია საქართველოში გადახდილი/დაკავებული გადასახადების შესახებ და მოთხოვნა თანხის დაბრუნების თაობაზე (ფორმა №2)
1. ფორმა №2-ს ავსებს და საგადასახადო ორგანოში წარადგენს საქართველოს წყაროდან შემოსავლის მიმღები არარეზიდენტი ან არარეზიდენტის კანონიერი/უფლებამოსილი წარმომადგენელი.
2. ფორმა №2-ს საქართველოს საგადასახადო ორგანოში წარდგენისას თან უნდა დაერთოს შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული შემოსავლის მიმღების რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობა და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.
3. შემოსავლის მიმღები საგადასახადო ორგანოს ფორმა №2-ს წარუდგენს ერთ ეგზემპლარად საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე.
4. ფორმა №2-ის ორიგინალი რჩება საგადასახადო ორგანოში, ხოლო განმცხადებელს გადაეცემა საგადასახადო ორგანოს ბეჭდით დამოწმებული ასლი.
5. არარეზიდენტისათვის ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების თაობაზე საგადასახადო ორგანოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, თანხის დაბრუნება ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. ფორმა №2-ის შევსების წესი:
ა) ფორმა №2-ის I ნაწილის:
ა.ა) პირველ გრაფაში იურიდიული პირის შემთხვევაში მიეთითება შემოსავლის მიმღების სახელწოდება, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში - მისი სახელი და გვარი;
ა.ბ) მე-2 გრაფაში მიეთითება შემოსავლის მიმღების საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მას გააჩნია საგადასახადო მიზნებისათვის თავის ქვეყანაში ან/და საქართველოში. თუ შემოსავლის მიმღები ფიზიკური პირია და ასეთი ნომერი არ გააჩნია - მისი პირადი ნომერი;
ა.გ) მე-3 გრაფა ივსება ფიზიკური პირის შემთხვევაში და მიეთითება შემოსავლის მიმღების დაბადების თარიღი და ადგილი;
ა.დ) მე-4 გრაფაში მიეთითება სრული მისამართი (მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი ან იურიდიული მისამართი);
ა.ე) მე-5 გრაფაში მიეთითება სრული საკონტაქტო მისამართი, თუ ის არ ემთხვევა მე-4 გრაფაში მითითებულ მისამართს;
ა.ვ) მე-6 გრაფაში მიეთითება იმ ბანკის რეკვიზიტები (მაგ. SWIFT, IBAN და ა.შ.) და ანგარიშის ნომერი, სადაც განხორციელდა თანხის გადარიცხვა. თუ გადახდა არ განხორციელებულა გადარიცხვით, გრაფა არ ივსება;
ა.ზ) მე-7 გრაფაში მიეთითება ქვეყანა, რომლის რეზიდენტიც არის შემოსავლის მიმღები. ასევე, მიეთითება, რა კრიტერიუმის საფუძველზე განიხილება შემოსავლის მიმღები აღნიშნული ქვეყნის რეზიდენტად;
ა.თ) მე-8 გრაფაში მიეთითება მუდმივი დაწესებულების სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი, თუ ასეთი საქართველოში გააჩნია შემოსავლის მიმღებ არარეზიდენტს;

ბ) ფორმა №2-ის II ნაწილის მე-9 გრაფაში მიეთითება შემოსავლის სახეებისათვის ამ წესით მინიჭებული შემოსავლის კოდი, გადახდის თარიღი, საგადასახადო აგენტის სახელი და გვარი ან სახელწოდება და მისი, როგორც საქართველოს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, ხელშეკრულების დადების თარიღი და ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გადახდილი შემოსავლის თანხა დაბეგვრამდე, ბოლო სვეტის “a” ნაწილში მიეთითება დაკავებული/გადახდილი გადასახადის ოდენობა, ხოლო “b” ნაწილში - გადასახადის ოდენობა, რომლის დაბრუნებასაც ითხოვს არარეზიდენტი;
გ) ფორმა №2-ის III ნაწილის მე-10 გრაფა ივსება საგადასახადო აგენტის მიერ არარეზიდენტისათვის თანხის დაკავების შემთხვევაში;
დ) ფორმა №2-ის IV ნაწილის:
 დ.ა) მე-11 გრაფაში შემოსავლის მიმღები არარეზიდენტი ადასტურებს, რომ იგი არის შემოსავლის მიმღები/ბენეფიციური მფლობელი;
დ.ბ) მე-12 გრაფაში შემოსავლის მიმღები მიუთითებს, რომ ითხოვს ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნებას და მიუთითებს დასაბრუნებელ თანხას;
დ.გ) მე-13 გრაფაში შემოსავლის მიმღები არარეზიდენტი ან მისი კანონიერი/უფლებამოსილი წარმომადგენელი მიუთითებს იმ ბანკის რეკვიზიტებს, რომელზეც სურს ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის დაბრუნება;
დ.დ) მე-14 გრაფაში შემოსავლის მიმღები ადასტურებს მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის უტყუარობასა და სისრულეს და იღებს პასუხისმგებლობას, რომ მონაცემების ცვლილების შემთხვევაში აცნობოს საგადასახადო ორგანოს.
 მუხლი 4. არარეზიდენტის მიერ საქართველოში გადახდილი/დაკავებული გადასახადების შესახებ ცნობის მოთხოვნა (ფორმა №3)
 
1. ფორმა №3-ის I, II, III და IV ნაწილები ივსება არარეზიდენტის მიერ, რომელიც ითხოვს ცნობას საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლების და მასზე გადახდილი გადასახადების, ასევე საქართველოში არსებულ ქონებაზე გადახდილი გადასახადების თაობაზე. V ნაწილი ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ, რომელიც ადასტურებს არარეზიდენტის მიერ საქართველოში გადახდილი გადასახადების ოდენობას.
2. ფორმა №3-ის შევსების წესი:
ა) ფორმა №3-ის I ნაწილის:
ა.ა) პირველ გრაფაში მიეთითება შემოსავლის მიმღების სახელწოდება - იურიდიული პირის შემთხვევაში, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში - მისი სახელი და გვარი; 
ა.ბ) მე-2 გრაფაში მიეთითება საქართველოს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). საქართველოს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მითითება სავალდებულოა, თუ განმცხადებელს საქართველოში აქვს მუდმივი დაწესებულება;
ა.გ) მე-3 გრაფაში მიეთითება არარეზიდენტის სრული მისამართი (საცხოვრებელი ადგილის მისამართი/იურიდიული მისამართი);
ა.დ) მე-4 გრაფაში მიეთითება ქვეყანა, რომლის რეზიდენტიც არის ცნობის მომთხოვნი პირი;
ბ) ფორმა №3-ის II ნაწილის მე-5 გრაფაში მიეთითება ის შემოსავლები, რომელიც არარეზიდენტმა მიიღო საქართველოში. მოცემულ ცხრილში მიეთითება შემოსავლის სახე (მაგალითად, პროცენტი, როიალტი, დივიდენდი და ა.შ.); ასევე მიეთითება თარიღი, როდესაც მოხდა ამ შემოსავლის გადახდა და საგადასახადო აგენტის სახელი და გვარი ან სახელწოდება და საქართველოს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); შემოსავლის ოდენობა დაბეგვრამდე, დაკავებული გადასახადის განაკვეთი და გადახდილი გადასახადის ოდენობა;
გ) ფორმა №3-ის III ნაწილის მე-6 გრაფაში მიეთითება არარეზიდენტის საკუთრებაში არსებული და საქართველოში განთავსებული ქონება. ასევე ჩაიწერება ცალკეული ქონების სახე, განთავსების ადგილის მისამართი, მისი ღირებულება და გადახდილი გადასახადის ოდენობა;
დ) ფორმა №3-ის IV ნაწილის მე-7 გრაფაში არარეზიდენტი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია უტყუარია და სრული და იღებს პასუხისმგებლობას, რომ მონაცემების ცვლილების შემთხვევაში აცნობოს საგადასახადო ორგანოს. IV ნაწილის ბოლოს აღინიშნება შევსების თარიღი, შესაბამისი უფლებამოსილება/თანამდებობა. არარეზიდენტი მოთხოვნას ადასტურებს ხელმოწერით და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) ფორმა №3–ის მეხუთე ნაწილი ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ უცხო სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ წარმოდგენილი საქართველოში გადახდილი გადასახადების შესახებ ცნობის მოთხოვნის საფუძველზე (ფორმა №3-ის I, II, III და IV ნაწილებში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე). ფორმა №3–ის V ნაწილში იწერება ცნობის გამცემი საგადასახადო ორგანოს სახელწოდება, არარეზიდენტის სახელი და გვარი ან სახელწოდება. საგადასახადო ორგანო ადასტურებს აღნიშნული არარეზიდენტის მიერ საქართველოში მიღებულ შემოსავალზე ან/და საქართველოში არსებულ ქონებაზე გადახდილი გადასახადის ოდენობას. ამისათვის გამოყოფილ უჯრებში ჩაიწერება შემოსავალზე ან/და ქონებაზე გადახდილი გადასახადის ოდენობა ლარებში;
ვ) ფორმა №3-ის ბოლოს აღინიშნება ცნობის გაცემის თარიღი და ცნობას ადასტურებს გამცემი ორგანოს უფლებამოსილი პირი ხელმოწერითა და ოფიციალური ბეჭდით.
3. განმცხადებელს უბრუნდება ფორმა №3-ის ორიგინალი საგადასახადო ორგანოს მიერ შევსებული V ნაწილით. ფორმა №3-ის ასლი რჩება საგადასახადო ორგანოში.
 მუხლი 5. რეზიდენტობის ცნობის მოთხოვნა (ფორმა №4)
1. ფორმა №4-ის I ნაწილი ივსება საქართველოს რეზიდენტის მიერ, ხოლო II ნაწილი კი საქართველოს საგადასახადო ორგანოს მიერ.
2. ფორმა №4-ის I ნაწილის:
ა) პირველ გრაფაში მიეთითება რეზიდენტის სახელი და გვარი - ფიზიკური პირის შემთხვევაში, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - სახელწოდება;
ბ) მე-2 გრაფაში მიეთითება საქართველოს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 გ) მე-3 გრაფაში მიეთითება სრული მისამართი (საცხოვრებელი ადგილის მისამართი/იურიდიული მისამართი);
დ) მე-4 გრაფა ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეზიდენტი არის ფიზიკური პირი. აღინიშნება პირადობის დამადასტურებელი საბუთის სახელწოდება (მოწმობა, პასპორტი), საბუთის გაცემის თარიღი, მოქმედების ვადა და პირადი ნომერი;
ე) მე-5 გრაფაში რეზიდენტი მიუთითებს, თუ რა კრიტერიუმის საფუძველზე განიხილება იგი საქართველოს რეზიდენტად;
ვ) ფორმა №4-ის პირველი ნაწილის ბოლოს აღინიშნება შევსების თარიღი, შესაბამისი უფლებამოსილება/თანამდებობა და რეზიდენტი მოთხოვნას ადასტურებს ხელმოწერით და ოფიციალური ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3.  ფორმა №4-ის II ნაწილი ივსება საქართველოს საგადასახადო ორგანოს მიერ, საქართველოს რეზიდენტის მიერ წარდგენილი რეზიდენტობის ცნობის მოთხოვნის საფუძველზე (ფორმა №4-ის I ნაწილში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე). საგადასახადო ორგანო საქართველოს რეზიდენტს ამ ცნობით უდასტურებს, რომ აღნიშნული პირი შესაბამისი პერიოდისათვის იყო საქართველოს რეზიდენტი საგადასახადო მიზნებისათვის. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი მიუთითებს თავის სახელსა და გვარს, თანამდებობას, საგადასახადო ორგანოს სახელწოდებას, საგადასახადო ორგანოს მისამართს, თარიღს და ცნობას ამოწმებს ხელმოწერით და ოფიციალური ბეჭდით.
4. განმცხადებელს უბრუნდება ფორმა №4-ის ორიგინალი საგადასახადო ორგანოს მიერ შევსებული მე-2 ნაწილით. ფორმა №4-ის ასლი რჩება საგადასახადო ორგანოში.
5. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს რეზიდენტი საერთაშორისო შეთანხმებით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის მიზნით წარადგენს იმ სახელმწიფოში არსებულ რეზიდენტობის დამადასტურებელ ფორმას (ნოტარიულად დამოწმებულ თარგმანს ქართულ ენაზე), სადაც მან მიიღო შემოსავალი და ითხოვს რეზიდენტობის დადასტურებას, საგადასახადო ორგანო ვალდებულია წარმოდგენილ ფორმაში შესაბამისი ველის არსებობის შემთხვევაში, ხელმოწერით და ოფიციალური ბეჭდით დაადასტუროს მისი საქართველოს რეზიდენტობა.
 

დანართი