„სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის N1318 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №75

2013 წლის 20 მარტი

ქ. თბილისი


„სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:


მუხლი 1
„სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანებაში (სსმ III, 28.12.07, №186, მუხლი 2103) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სავალუტო ოპერაციის განსახორციელებლად ორგანიზაციამ კონვერტაციის მოთხოვნა სახელმწიფო ხაზინაში უნდა წარადგინოს ოპერაციის წინა სამუშაო დღეს. ლარის კონვერტაცია უცხოურ ვალუტაში და სავალუტო გადარიცხვა სრულდება შემდეგი წესით: ორგანიზაცია, საოპერაციო დღის განმავლობაში, სახელმწიფო ხაზინას წარუდგენს კონვერტაციის საგადახდო მოთხოვნას წარდგენის დღის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 17:00 სთ-ზე, მომდევნო დღის ოფიციალურ გაცვლით კურსის დადგენის შემდეგ, სახელმწიფო ხაზინა გადაიანგარიშებს ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ კონვერტაციის საგადახდო მოთხოვნაში ლარში დაფიქსირებულ თანხას. შედეგად, თუ კონვერტაციის საგადახდო მოთხოვნაში დაფიქსირებული ლარის თანხა შესაბამისი ვალდებულების ან შესაბამისი ასიგნების (მიზნობრივი გრანტის შემთხვევაში) ოდენობის ფარგლებშია, კონვერტაციის საგადახდო მოთხოვნა იგზავნება ეროვნულ ბანკში შესასრულებლად. თუ კონვერტაციის მოთხოვნაში დაფიქსირებული ლარის თანხა აღემატება შესაბამისი ვალდებულების ან შესაბამისი ასიგნების (მიზნობრივი გრანტის შემთხვევაში) ოდენობას, კონვერტაციის მოთხოვნა უბრუნდება ორგანიზაციას შეუსრულებლად. სახელმწიფო ხაზინის მიერ მოთხოვნილი კონვერტაცია ეროვნული ბანკის მიერ სრულდება და ვალუტის თანხა სახელმწიფო ხაზინის მულტისავალუტო ანგრიშზე აისახება მომდევნო დღეს. ორგანიზაცია სავალუტო საგადახდო დავალებას აგზავნის სახელმწიფო ხაზინაში კონვერტაციის მოთხოვნის მომდევნო დღეს. კონვერტაციის მოთხოვნები ორგანიზაციის საკასო ხარჯში აისახება ეროვნული ბანკის მიერ კონვერტაციის შესრულების თარიღით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 20 მარტიდან.

ფინანსთა მინისტრი        ნოდარ ხადური