მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ირანის უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია „ღადირის“ წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ინვესტირებას გეგმავენ.
ფინანსთა მინისტრმა სტუმრებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ქვეყანაში მოქმედი საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის, ფინანსთა სამინისტროს სისტემაში არსებული სერვისების, ქვეყნის საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს შესახებ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ირანთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება, რისთვისაც საქართველოს ხელისუფლება მზადაა აქტიური ნაბიჯები გადადგას. საქართველოსთან პარტნიორობის აუცილებლობას ხაზი გაუსვა ირანულმა მხარემაც. საინვესტიციო კომპანიის საქმიანობის ადგილზე გასაცნობად სტუმრებმა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ირანში მიიწვიეს.
ირანული საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, მათი ჰოლდინგი ქვეყანაში მართავს კომპანიებს, რომლებიც ოპერირებენ ეკონომიკისა და მრეწველობის სხვადასხვა სექტორში. საქართველოში მათი ინტერესის სფეროს წარმოადგენს როგორც ენერგეტიკული სექტორი, ისე ტრანსპორტი და სამშენებლო ინდუსტრია, კომუნიკაციები და ინფრასტრუქტურა.
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გამოყენების მნიშვნელობას. როგორც ირანულმა მხარემ აღინიშნა, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ დადებული ხელშეკრულება იძლევა კარგ საშუალებას, ირანმა მომავალში აქტიურად განავითაროს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ევროკავშირის ქვეყნებთან.
ფინანსთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ირანული საინვესტიციო კომპანია საქართველოში გამართული შეხვედრების შემდეგ, უახლოეს მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას და შეარჩევს ინვესტირებისთვის საინტერესო პროექტებს.