მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, ,,საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის“ პროექტის ფარგლებში, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საზოგადოებას სამინისტროს სამი წლის მუშაობის შედეგები გააცნო.
ფინანსთა მინისტრმა დეტალურად ისაუბრა 2013-2015 წლებში ბიუჯეტის ეფექტიანობის ზრდის, მისი გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და სახელმწიფო ფინანსების მართვის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე და აღნიშნა, რომ გატარებული რეფორმების შედეგად, ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის მიერ გამოქვეყნებული „ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევა 2015“ შედეგებით, საქართველომ 66 ქულით მე-16 ადგილი დაიჭირა მსოფლიოს 102 ქვეყანას შორის, რითაც მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა პოზიციები 2012 წლის ანალოგიურ კვლევასთან შედარებით (2012 წლის ინდექსის თანახმად, 33-ე ადგილს ვიკავებდით) და საქართველო მოექცა მნიშვნელოვნად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში.
ასევე, ხაზი გაესვა ლიბერალიზაციის მიმართულებით განხორციელებულ საკანონმდებლო ინიციატივებს, სახელმწიფო ვალის მართვასა და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობას, საგადასახადო და საბაჟო მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს, საჯარო ფინანსების ინტეგრირებული სისტემის მართვასა და ახალ ელექტრონულ სერვისებს, სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის კუთხით განხორციელებულ რეფორმებს, საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებს, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მიერ სამი წლის განმავლობაში დანერგილ სერვისებსა და სასწავლო პროგრამებს, ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
„მიმაჩნია, რომ მიუხედავად სირთულეებისა, გასული სამი წელი ფინანსთა სამინისტროსთვის იყო წარმატებული. განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები საჯარო ფინანსების მართვის თვალსაზრისით, მისი გამჭირვალობის მიმართულებით, ასევე, სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა საკანონმდებლო ლიბერალიზაციის კუთხით, რაც მთავარია, ფინანსთა სამინისტროს ერთ-ერთი ორგანიზაციაა, რომელიც პირუთვნელად იცავს საკუთრების უფლებას და ჩვენი ინიციატივით, არ მივმართავთ აღსრულების ღონისძიებებს, ვიდრე არ დასრულდება საგადასახადო დავა,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
პრეზენტაციას დაესწრნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ეროვნული ბანკის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ქვეყანაში აკრედიტებული საელჩოების, არასამთავრობო და სამეცნიერო წრეების, ბიზნესისა და საბანკო სფეროს, მედიის წარმომადგენლები.
იხილეთ პრეზენტაცია