საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტს 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.
მომავალი წლის ბიუჯეტი დაგეგმილია შემდეგი მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვით - რეალური ეკონომიკური ზრდა 6,0%; მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 3%; საშუალო ინფლაცია დაუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს;
ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 99 მილიარდ 239 მილიონი ლარის ოდენობით. ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 9 700 დოლარს აჭარბებს;
ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების წილი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 25,5%-ია, ხოლო ნომინალურ გამოხატულებაში შეადგენს 25 მილიარდ 305 მილიონ ლარს; ნაერთი ბიუჯეტის პრივატიზაციის საპროგნოზო მაჩვენებელი - 500 მილიონი ლარი; ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი - მთლიანი შიდა პროდუქტის 2,5%, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი 35,9%
2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, ჯამურად, შეადგენს 32 მილიარდ 400 მილიონ ლარს. ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი გაზრდილია 1 მილიარდ 200 მილიონ ლარზე მეტით.
2025 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს:
სოციალური მიმართულებით - ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად განსაზღვრულია 8 მილიარდ 670 მილიონ ლარზე მეტი, რაც მთლიანი ბიუჯეტის 26,7%-ია.
განათლების მიმართულებით - განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით განსაზღვრულია ჯამური ბიუჯეტის 12%-ზე მეტი, რაც ნომინალურ გამოხატულებაში 3 მილიარდ 950 მილიონ ლარს აღემატება.
თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით - თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურების დაფინანსებაზე, ჯამურად, გამოყოფილია 3 მილიარდ 350 მილიონ ლარზე მეტი, რაც ჯამური ბიუჯეტის 10%-ს აღემატება.
ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება 8 მილიარდ ლარამდე.
კულტურისა და სპორტის დაფინანსებაზე - მიიმართება მილიარდ ლარზე მეტი.
მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, 2025 წელს გათვალისწინებულია 240 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო ინოვაციების ხელშეწყობის მიმართულებით გათვალისწინებულია 45 მილიონ ლარზე მეტი;
სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 680 მლნ ლარზე მეტი;
გარემოს დაცვის პროგრამების დაფინანსებისთვის გამოყოფილია 245 მილიონ ლარზე მეტი;
საჯარო მოხელეთა ანაზღაურება - 2022 წელს საჯარო მოხელეთა ანაზღაურების მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2025 წელს გათვალისწინებულია საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ანაზღაურების 10%-იანი ზრდა, 2025 წელს ასევე განხორციელდება პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების10%-იანი ზრდა;