მიმდინარე წლის 16 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსმა ცოტნე ყავლაშვილმა მედიას 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გააცნო, რომელიც საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად პარლამენტს 20 იანვარს წარედგინება.
სახაზინო სამსახურის უფროსის განცხადებით, გასულ წელს გადაჭარბებით შესრულდა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი. „2014 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბდა 20 მლნ ლარით და შეადგინა 9 მილიარდ 125 მილიონი ლარი. მათ შორის, არადეფიციტური შემოსავლები, როგორიც არის საგადასახადო შემოსავლები, გრანტები და სხვა - გადაჭარბდა 83 მლნ ლარით და შეადგინა 7 მილიარდ 474 მილიონი ლარი, რამაც საშუალება მოგვცა 66 მლნ ლარით ნაკლები ვალი აგვეღო ვიდრე იყო დაგეგმილი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, ასევე გადაჭარბებით შესრულდა საგადასახადო შემოსავლები. გადაჭარბებამ შეადგინა 27 მილიონი ლარი. სულ, საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 6 მილიარდ 847 მილიონი ლარი. ამასთან, ბოლო ორ დღეში საგადასახადო შემოსავლებიდან დამატებით 82 მლნ ლარი მიიმართა გადასახადების დაბრუნების ქვეანგარიშზე, ვინაიდან საგადასახადო შემოსავლების გეგმა უკვე შესრულებული იყო.
სახაზინო სამსახურის უფროსის თქმით, ფინანსთა სამინისტრომ დააგროვა დაგეგმილზე 122 მლნ ლარით მეტი და 2014 წლის ბოლოს ბიუჯეტის ნაშთმა შეადგინა 434 მლნ ლარი, ნაცვლად 312 მილიონისა, მათ შორის, 43 მლნ ლარი დაგროვდა დეკემბერში, რაც იმას ნიშნავს, რომ დეკემბრის შემოსავლები ხარჯებზე 43 მლნ ლარით მეტი იყო. მისი განცხადებით, 2014 წელს ზედმეტად გადახდილი გადასახადების დაბრუნების ქვეანგარიშზე დამატებით დაგროვდა 82 მლნ ლარი. შესაბამისად, ჯამში დაგროვილმა ნაშთმა შეადგინა 516 მლნ ლარი, ხოლო მხოლოდ დეკემბერში დაგროვილმა თანხამ შეადგინა 120 მლნ. ლარი, რაც მისი თქმით, თვალსაჩინოს ხდის, რომ დეკემბერში ფულის დეფიციტურ ხარჯვას ადგილი არ ჰქონია.
როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის გეგმასთან შედარებით აღებულია 66 მლნ ლარით ნაკლები ვალი (აქედან, საშინაო ვალი - 27 მლნ ლარით ნაკლები, საგარეო ვალი - 39 მლნ ლარით ნაკლები). სულ, ვალის აღებამ შეადგინა 1 მილიარდ 570 მლნ ლარი (საგარეო - 997 მლნ, ხოლო საშინაო - 572 მლნ) შეადგინა. ამის საშუალება მოგვცა საგადასახადო შემოსავლებისა და გრანტების ნაწილში გეგმის გადაჭარბებით შესრულებამ.
რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულებას, ცოტნე ყავლაშვილის განცხადებით, ბიუჯეტის ხარჯვითმა ნაწილმა შეადგინა 8 მილიარდ 977 მილიონი ლარი, რაც გეგმის 9 080 მილიონის 98,9%-ს შეადგენს. „ეს მაჩვენებელი უპრეცედენტოა ბოლო 10 წლის განმავლობაში (თანხის აუთვისებლობა შეადგენს 103 მლნ ლარს) მნიშნელოვანია, რომ 2014 წელს ბიუჯეტში წინა წლების პრაქტიკისგან განსხვავებით, როდესაც ყოველი წლის ბოლოს ხდებოდა ბიუჯეტის გეგმის კორექტირება, ცვლილება არ განხორციელებულა. აღსანიშნავია ისიც, რომ არც ერთი სამინისტროს ხარჯვითი ნაწილის შესრულების მაჩვენებელი 95%-ს არ ჩამოუვარდება!“ - აღნიშნა მან.
სახაზინო სამსახურის უფროსმა ცალკე გამოყო ასევე, 2014 წლის ბიუჯეტის დეკემბერის თვის შესრულების პარამეტრები. მისი თქმით, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილმა დეკემბერში შეადგინა 1 მლრდ 296 მლნ ლარი, ხოლო ხარჯვითმა ნაწილმა - 1 მლრდ 253 მლნ ლარი, რაც ნიშნავს, რომ საშემოსავლო ნაწილმა ხარჯვით ნაწილს გადააჭარბა 43 მლნ ლარით. შესაბამისად, დეკემბერში ფულის დაგროვებამ შეადგინა - 43 მლნ. ლარი, მაშინ როდესაც, წინა წლებში მუდმივად ხდებოდა დეკემბერში ნაშთის ხარჯვა, ანუ ხარჯები აღემატებოდა შემოსავლებს.
დეკემბერში დამატებით სამინისტრომ დააგროვა 77 მლნ ლარი გადასახადების დაბრუნების ქვეანგარიშზე. სულ დეკემბერში დაგროვდა 120 მლნ ლარი, რაც არ დახარჯულა.
„სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერაციებს ლარის კურსზე არც დეკემბერში და არც იანვარში არ უმოქმედია, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ კომერციულმა ბანკებმა წლის ბოლო დღეს, 31 დეკემბერს, დამატებით 100 მლნ ლარი ისესხეს ეროვნული ბანკისგან (კომერციულ ბანკებს რომ ჰქონოდათ ლარის სიჭარბე, მათ არ დასჭირდებოდათ დამატებით ლარის სესხება)“, - განაცხადა სახაზინო სამსახურის უფროსმა, ცოტნე ყავლაშვილმა.
როგორც სახაზინო სამსახურის უფროსმა აღნიშნა, პირველი დეკემბრიდან 15 იანვრის მდგომარეობით, ხაზინის ანგარიშზე განხორციელებული ოპერაციებით მიმოქცევაში ლარის ოდენობა შემცირებულია 150 მლნ ლარით.