მიმდინარე წლის 27 ნოემბერს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ჭადრაკის მსოფლიო ფედერაციის აღმასრულებელ დირექტორს, ნაიჯელ ფრიმანს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს 2018 წლის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე, რომელიც 23 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე ბათუმში ჩატარდება.
როგორც ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა, საქართველოში ჭადრაკს უდიდესი ტრადიციები აქვს და ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი მაღალი დონის სპორტული ღონისძიების მასპინძლობა. როგორც ცნობილია, ოლიმპიადაში 181 ქვეყანა და 3000-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.
„მოხარული ვარ, რომ ჭადრაკის მსოფლიო ფედერაციის გენერალურ ასამბლეაზე ოლიმპიადის ჩატარების ადგილად სწორედ საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი, ბათუმი იქნა შერჩეული“, - განაცხადა ჭადრაკის მსოფლიო ფედერაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნაიჯელ ფრიმანმა.
მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ მსოფლიო მასშტაბის სპორტული ღონისძიება წარმატებით გაიმართება.
შეხვედრას დაესწრნენ ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი ლოდია, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე.