საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივის გაცნობის მიზნით, დღეიდან საინფორმაციო კამპანია დაიწყო, რომელიც რეგიონებშიც გაგრძელდება.
2018 წლის 22 თებერვალს, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის წევრებს შეხვდა და დეტალურად გააცნო წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები.
„ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად განვავითაროთ მცირე და საშუალო მეწარმეობა საქართველოში და მივაღწიოთ ისეთ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც თითოეულ მოქალაქეს შეეხება. მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა აუცილებელი წინაპირობაა, რათა აღნიშნულ მიზანს მივაღწიოთ. ეს რეფორმა არის ძალიან მასშტაბური და ეხება 120 ათას მეწარმეს და მათ უკან მდგომ ადამიანებს. შესაბამისად, ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური რეფორმა, ეს გარკვეულწილად, სოციალური პოლიტიკაცაა. ვფიქრობ, რომ საქართველოში ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ფინანსთა სამინისტრო მზადაა, გაითვალისწინოს თითოეული მეწარმის ინტერესები. აღნიშნული ინიციატივის შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თავად კერძო სექტორის წარმომადგენლებმა. ჩვენი მიდგომაა, რომ მეწარმეებმა უკეთ იციან, რა არის საჭირო მათი ბიზნესის განვითარებისთვის, ამიტომ ვცდილობთ აქტიური კავშირი გვქონდეს კერძო სექტორთან. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ საინფორმაციო კამპანია, მოვისმინოთ მეწარმეთა მოსაზრებები. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს, დავხვეწოთ ჩვენი ინიციატივა და უფრო კარგად მოვარგოთ იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს აქვს მცირე და საშუალო ბიზნესს საქართველოში,” - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
ახალი ინიციატივის შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭებათ მეწარმეებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი წლის განმავლობაში იქნება 500,000 ლარამდე, ნაცვლად დღემდე არსებული 100,000 ლარისა.
მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრება 1 %-იანი განაკვეთით, ნაცვლად 5 %-ისა.
მცირე ბიზნესისათვის შენარჩუნდება უმარტივესი საგადასახადო აღრიცხვის წარმოების შესაძლებლობა. კერძოდ, საქონლის აღრიცხვისთვის სპეციალური ჟურნალის წარმოება და არავითარი სხვა ბუღალტრული აღრიცხვის ვალდებულება მცირე ბიზნესს არ ექნება.
მცირე ბიზნესს ვალდებულება ექნება კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, მხოლოდ გამოიყენოს საკონტროლო-სალარო აპარატი და სასაქონლო ზედნადები.
გადასახადის დეკლარირება/გადახდა მოხდება ყოველთვიურად და მცირე მეწარმეებისათვის გაუქმდება მიმდინარე (ე.წ. საავანსო) გადასახდელების გადახდის ვალდებულება.
მცირე მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის პარალელურად, დარეგისტრირდნენ დღგ-ს გადამხდელებად და შესაბამისად, ჩაითვალონ დღგ ან უკან დაიბრუნონ ავტომატურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5-დან 7 დღემდე.
ახალი საგადასახადო ინიციატივა ერთი მხრივ, აწესებს მინიმალურ საგადასახადო ტვირთს (1%) მცირე ბიზნესისათვის, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მეწარმეებისათვის გამარტივებული საგადასახადო აღრიცხვის მეშვეობით მინიმუმამდე შემცირდეს საგადასახადო ადმინისტრირების დანახარჯები. აღნიშნული რეფორმის შედეგად, მთლიან შიდა პროდუქტში მნიშვნელოვნად გაიზრდება მცირე ბიზნესის წილი.
ახალი საგადასახადო რეფორმა უზრუნველყოფს სექტორის უფრო მეტ გამჭირვალობას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მცირე მეწარმეებს უფრო მეტად ჰქონდეთ წვდომა ფინანსურ რესურსებზე. შემოთავაზებული ცვლილებები მნიშვნელოვანი სტიმული იქნება მცირე ბიზნესის შემდგომი განვითარებისათვის საქართველოში.