რეგიონში შექმნილი ეკონომიკური სირთულეების, ასევე, ზოგიერთ მეზობელ ქვეყანაში არსებული სავალუტო კრიზისის ფონზე, ავტორიტეტულმა საერთაშორისო საკრედიტო კომპანია Fitch-მა საქართველოს შეუნარჩუნა საკრედიტო რეიტინგი „BB-“ პოზიტიური პერსპექტივით.
საქართველოსთვის საკრედიტო რეიტინგის შეფასება, მნიშვნელოვანი გზავნილია ინვესტორებისთვის, ხელს უწყობს საქართველოს მიმართ ნდობის შენარჩუნებას და ეკონომიკის განვითარებას, რადგან სარეიტინგო კომპანიის ანგარიშში ხაზგასმულია ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე წლის დასაწყისიდან აღინიშნება. კერძოდ:
Fitch-ის შეფასებით, საქართველოს პოზიტიურ პერსპექტივას ამყარებს ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ის გარემოება, რომ საქართველოს ეკონომიკამ ბოლო პერიოდში გამოავლინა მდგრადობა საგარეო შოკების მიმართ.
Fitch-ის შეფასებით, რეიტინგში პოზიტიური პერსპექტივის შენარჩუნება, ასახავს სარეიტინგო კომპანიის მაღალი ეკონომიკური ზრდის მოლოდინს ქვეყანაში.
Fitch ხაზს უსვამს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან საქართველოს თანამშრომლობას და დადებითად აფასებს პროგრამის წარმატებით მიმდინარეობას.
სარეიტინგო კომპანია პოზიტიურად აფასებს ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოს, რომელიც „BB“ კატეგორიის ქვეყნების მაჩვენებელზე მაღალია. განსაკუთრებით, აღნიშნულია ის გარემოება, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აჩვენა საჯარო ფინანსების მიმართულებით. სააგენტო აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მაღალია სახელმწიფო ფინანსების მართვის ხარისხი და განაგრძობს გაუმჯობესებას.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში, ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის მიერ გამოქვეყნებულ „ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევა 2017-ის“ შედეგებით, საქართველომ მე-5 ადგილი დაიკავა მსოფლიოს 115 ქვეყანას შორის და ახალ ზელანდიასთან, შვედეთთან და ნორვეგიასთან ერთად მოექცა სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სარეიტინგო კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, პოზიტიურად სახელდება ფისკალური დეფიციტის შემცირების ტენდენცია, რომელიც Fitch-ის პროგნოზით, 2018-2019 წლებში ქვეყანაში 2.6%-მდე შემცირდება, რაც თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის კიდევ უფრო მეტი ფისკალური კონსოლიდაციის მიზნებთან, ისევე როგორც “BB” რეიტინგის მქონე ქვეყნების მაჩვენებლებთან.
სააგენტო მიუთითებს, რომ საქართველოს ფისკალური დეფიციტის შემცირების აშკარად გამოკვეთილი ტენდენცია უზრუნველყოფს ვალის სტაბილურ დონეზე შენარჩუნებას.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საკრედიტო კომპანიის ანგარიშში დადებითად არის შეფასებული ინფლაციის დონე და Fitch-ის პროგნოზი, თანხვედრაშია ქვეყნის ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან.
სააგენტო აღნიშნავს, რომ ეკონომიკურმა აღმავლობამ, ხელი შეუწყო საგადასახადო შემოსავლების ზრდას, რამაც მიმდინარე ხარჯების შემცირებასთან ერთად, ქვეყანას საშუალება მისცა განეხორციელებინა უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი.
მსოფლიოში წამყვანი სარეიტინგო კომპანიის აღნიშნული ანგარიში, ადასტურებს წლის დასაწყისიდან ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ დადებით ტენდენციას და პოზიტიურად აფასებს იმ ფისკალურ პოლიტიკას, რომელიც ხორციელდება ქვეყანაში.