19-21 ივნისს, დედაქალაქი კიდევ ერთ საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს.
თბილისში იმართება შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) წლიური შეხვედრა, რომლის ფარგლებში ბანკის დირექტორთა და მმართველთა საბჭოს სხდომები ტარდება.
თბილისში გამართულ ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობას იღებს შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის წევრი 11 ქვეყნის უმაღლესი რანგის თანამდებობის პირები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესის წარმომადგენლები.
19 ივნისს, წლიური შეხვედრის ფარგლებში, რუსთაველის თეატრში გაიხსნა ბიზნეს ფორუმი „მეწარმეობის განვითარება და კაპიტალის ხელმისაწვდომობა შავი ზღვის რეგიონში“, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა ისან უგურ დელიკანლიმ (Ihsan Ugur Delikanli) გახსნეს.
განხილვებში მონაწილეობენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, საქართველოს მხრიდან BSTDB-ის მმართველი გიორგი ქადაგიძე და ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი.
ბიზნეს ფორუმს დაესწრნენ BSTDB-ის ალტერნატიული მმართველი საქართველოს მხრიდან, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და BSTDB-ის დირექტორი საქართველოს მხრიდან, ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ლეჟავა.
ქვეყნის ცნობადობის გაზრდის თვალსაზრისით, აღნიშნული ფორუმის გამართვა უმნიშვნელოვანესია, რადგან ღონისძიებაზე დამსწრე მაღალი რანგის სტუმრებს, ბიზნეს ფორუმში მონაწილე ბიზნესმენებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქვეყნის ეკონომიკურ და საინვესტიციო შესაძლებლობებს.
საქართველოში ბანკს გაფორმებული აქვს 123 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების 24 პროექტი, მათ შორის, 11 არის მიმდინარე და მათი ჯამური ღირებულება დაახლოებით 65 მილიონ ევროს შეადგენს.
აღნიშნული ბიზნეს ფორუმი კიდევ ერთი წინაპირობაა საქართველოში ბანკის პორტფელის ზრდისა და დივერსიფიკაციის მიმართულებით, რეგიონული პროექტებისა და პროგრამების დაფინანსების კუთხით, ამასთან, იგი ხელს შეუწყობს წევრ სახელმწიფოებთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას.
მნიშვნელოვანია, რომ ბანკის მიერ მომზადებულია საქართველოსთან 2015-2018 წლების თანამშრომლობის სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს მთავრობის პროგრამისა და პრიორიტეტების მხარდაჭერას.
ბანკი განახორციელებს საქმიანობას საქონლისა და მომსახურების ექსპორტის მხარდაჭერის, ინფრასტრუქტურის განვითარების, მათ შორის, ენერგო ეფექტურობის კუთხით. გარდა ამისა, ბანკის მიერ გათვალისწინებულია მცირე და საშუალო ბიზნესისა და ვაჭრობის დაფინანსება.
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB) 1994 წელს შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ ბანკის სადამფუძნებლო შეთანხმებას სწორედ თბილისში მოეწერა ხელი.
BSTDB-ის ცენტრალური ოფისი საბერძნეთის ქალაქ სალონიკში მდებარეობს. ბანკის დამფუძნებელია 11 ქვეყანა - ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, საქართველო, საბერძნეთი, მოლდოვა, რუმინეთი, რუსეთი, თურქეთი და უკრაინა.
მისი მიზანია, რეგიონული პროექტებისა და პროგრამების დაფინანსება, წევრ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობის ხელშეწყობა, შავი ზღვის რეგიონის ეკონომიკური განვითარება.