საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გენერალური მდივნის, ანხელ გურიას მიწვევით, მონაწილეობს მე-6 საერთაშორისო საგადასახადო დიალოგის (ITD) გლობალურ კონფერენციაში, რომელიც მიმდინარე წლის 1-3 ივლისს, პარიზში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის საკონფერენციო ცენტრში იმართება.
წელს კონფერენციის მონაწილეები მსჯელობენ თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას იმისათვის, რომ ქვეყნების საგადასახადო პოლიტიკამ და საგადასახადო ადმინისტრირებამ ხელი შეუწყოს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას. დისკუსია აგრეთვე შეეხება დაბეგვრის საკითხებს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის გარემოსდაცვითი მიმართულებით. გაზიარებული იქნება OECD-ის წევრ ქვეყნებს შორის გამოცდილება გადასახადების ადმინისტრირების კუთხით.
საერთაშორისო საგადასახადო დიალოგი ევროკომისიის (EC), ინტერ-ამერიკული განვითარების ბანკის (IDB), საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), მსოფლიო ბანკის ჯგუფის (WBG) და საგადასახადო ადმინისტრაციების ინტერ-ამერიკული ცენტრის (CIAT) ერთობლივი ინიციატივაა, რომლის მიზანია, სხვადასხვა ქვეყნების საგადასახადო მოხელეებს, რეგიონულ საგადასახადო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა ძირითად ბენეფიციარებს შორის საგადასახადო საკითხებში დიალოგის წახალისება და ხელშეწყობა.