დღეს, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საგადასახადო მიმართულების ხელმძღვანელს პასკალ სან-ამონს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2015 წლის 21-23 ოქტომბერს საქართველოს დედაქალაქი თბილისი ევრაზიის რეგიონის ქვეყნების მაღალი დონის წარმომადგენლების შეკრებას უმასპინძლებს, რომელიც საგადასახადო ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის (BEPS) საკითხებს მიეძღვნება.
თბილისში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონიდან 30-მდე სახელმწიფოს დელეგატი BEPS-ის პროექტსა და განსახორციელებელი რეფორმების იმპლემენტაციის საკითხებზე იმსჯელებენ.
ამ შეხვედრის ჩვენს ქვეყანაში ჩატარება საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვის OECD-ისთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის კარგი შესაძლებლობა მონაწილე ქვეყნებისთვის, რათა თავიანთი კანონმდებლობა მოიყვანონ საერთაშორისო დაბეგვრის ახალ გლობალურ მიდგომებთან შესაბამისობაში.
აღნიშნული ღონისძიება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის, დიდი ოცეულის ქვეყნებისა (G20) და OECD-ს ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება.