„საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, მე-7 პუნქტის შესაბამისად, ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის მექანიზმის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განხორციელდა 2 და 5 წლის ვადიანობის სახაზინო ობლიგაციების ემისია. ფასიანი ქაღალდების ყიდვის უფლება მიეცათ საქართველოში მოქმედ 21 კომერციულ ბანკს, მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის N176 განკარგულებით დადგენილი პირობების შესაბამისად, სადაც განსაზღვრულია ბანკების ჩამონათვალი და მათთვის დადგენილი ფასიანი ქაღალდების შეძენის ლიმიტები.

დაგეგმილი 200 მლნ ლარის ემისიის გამოცხადება მოხდა ოთხ ეტაპად, თანაბარი 50 მლნ ლარის მოცულობებით. 2 წლის ვადის მქონე სახაზინო ობლიგაციების ემისიები განხორციელდა 2014 წლის 12 თებერვალს და 13 აგვისტოს, ხოლო 5 წლის ვადიანობის - 5 მარტს და 16 ივლისს.

ფასიანი ქაღალდები შეიძინა 12 კომერციულმა ბანკმა, შეძენილი ფასიანი ქაღალდების მოცულობამ ჯამურად 172.8 მლნ ლარი შეადგინა. მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის N176 განკარგულების მე-5 პუნქტის შესაბამისად ფასიანი ქაღალდების აუთვისებელი ლიმიტი გაუქმდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის N176 განკარგულების მე-6 პუნქტის შესაბამისად ემისიით მიღებული სახსრები სრულად განათავსა სახაზინო ობლიგაციების მყიდველ კომერციულ ბანკებში ვადიანი დეპოზიტის სახით, კომერციული ბანკის მიერ ნაყიდი ფასიანი ქაღალდების ვადიანობის შესაბამისად, კუპონის განაკვეთს დამატებული 1 საპროცენტო პუნქტი.

მაგ: 12 თებერვალს ჩატარებულ აუქციონზე კუპონის განაკვეთმა 6,8% შეადგინა. ფასიანი ქაღალდების შემძენ ბანკებში განთავსებული იყო დეპოზიტები 2 წლის ვადით, წლიური 7,8%-ის სარგებლით (6,8+1). იგივე პრინციპით მოხდა დეპოზიტების განთავსება დარჩენილი სამი ემისიის შემთხვევაშიც.
 

 

დეპოზიტები განთავსდა შემდეგ კომერციულ ბანკებში:
  ბანკის დასახელება                        დეპოზიტის მოცულობა
1 სს საქართველოს ბანკი 70,950,041
2 სს თიბისი ბანკი 41,942,842
3 სს ბანკი რესპუბლიკა 10,115,721
4 სს ლიბერთი ბანკი 9,599,735
5 სს პროკრედიტ ბანკი 9,519,737
6 სს ბაზისბანკი 7,831,784
7 სს კორ სტანდარტბანკი 4,949,818
8 სს ვითიბი ბანკი ჯორჯია 5,483,849
9 სს პრივატბანკი 3,541,870
10 სს ბანკი კონსტანტა 3,479,904
11 სს ხალიკ ბანკი საქართველო 2,923,919
12 სს ფინკა ბანკი საქართველო 2,495,931
  სულ 172,835,150

 

აღნიშნული მექანიზმის დანერგვა მიზნად ისახავს საბანკო სისტემისთვის ახალი ფინანსური ინსტრუმენტის შეთავაზებას არსებული ჭარბი მოკლევადიანი რესურსის გრძელვადიანში ტრანსფორმირების ხელშეწყობისათვის, რამაც თავის მხრივ ხელი უნდა შეუწყოს საბანკო სისტემის გრძელვადიანი დაკრედიტების პოტენციალის გაზრდას.