დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის (BEPS) პროექტი
2013 წელს დიდი ოცეულის მოთხოვნის საფუძველზე, ეკონომიკური თანამშროლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ ინიცირებული იქნა დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის (BEPS) პროექტი, რომელიც ითვალისწინებს 15 ღონისძიებას. BEPS-ის პროექტის ძირითადი მიზანია - ეფექტური შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო ინსტრუმენტების შემუშავება, აგრესიული და საზიანო საგადასახადო პრაქტიკის აღკვეთის მიზნით.
BEPS-ის ფარგლებში შემუშავებული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ OECD-ის ბმულზე:
http://www.oecd.org/tax/beps/beps-actions.htm
BEPS-ის პროექტის დანერგვის მიზნით 2016 წლის თებერვალში OECD-ს წევრი სახელმწიფოებისა და დიდი ოცეულის (G20) ქვეყნების მიერ დაარსებულ იქნა BEPS-ის ინკლუზიური პლატფორმა, რომლის წევრობა ითვალისწინებს BEPS-ის პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას. კერძოდ, BEPS-ის პროექტის ფარგლებში 4 მინიმალური სტანდარტის დანერგვის ვალდებულებას:
ინკლუზიური პლატფორმის წევრობა ასევე საშუალებას აძლევს სახელმწიფოებს თანასწორუფლებიან საფუძველზე ჩაერთონ BEPS-თან დაკავშირებული სტანდარტების შემუშავების პროცესში და მონაწილეობა მიიღონ წევრი სახელმწიფოების მიერ აღნიშნული სტანდარტების დანერგვის შეფასებასა და მონიტორინგში.
საქართველოს ჩართულობა BEPS-ის პროექტში
2016 წლის 14 ივნისს საქართველო მიუერთდა BEPS-ის ინკლუზიურ პლატფორმას ასოცირებული წევრის სტატუსით, ხოლო 2016 წლის 1 ივლისს ქ. კიოტოში (იაპონია) BEPS-ის ინკლუზიური პლატფორმის პირველი შეხვედრაზე დამტკიცდა ინკლუზიური პლატფორმის ხელმძღვანელი ჯგუფის (Steering group) შემადგენლობა, რომელშიც საქართველოს სახელით არჩეულ იქნა საქართველო.
ინკლუზიური პლატფორმის ხელმძღვანელი ჯგუფის შემადგენლობის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ OECD-ის ბმულზე:
http://www.oecd.org/tax/beps/steering-group-of-the-inclusive-framework-on-beps.pdf
საქართველომ, როგორც BEPS-ის ინკლუზიურ პლატფორმის ასოცირებულმა წევრმა, აიღო BEPS-ის პროექტით გათვალისწინებული 4 მინიმალური სტანდარტის დანერგვის ვალდებულება, კერძოდ:
- მე-5 ღონისძიება - საზიანო საგადასახადო პრაქტიკის აღკვეთა
მე-5 ღონისძიების მიზანია საზიანო საგადასახადო პრაქტიკის აღმოფხვრა შეღავათიანი რეჟიმების გადახედვის გზით და საზიანო საგადასახადო პრაქტიკასთან დაკავშირებული ინფორმაციის სავალდებულო გაცვლა.
მე-5 ღონისძიების ფარგლებში შემუშავებული მინიმალური სტანდარტის დანერგვის პროცესს კოორდინაციას უწევს FHTP - საზიანო საგადასახადო პრაქტიკის ფორუმი, რომლის მიზანია უზრუნველყოს მე-5 ღონისძიების ფარგლებში შემუშავებული სტანდარტების შეფასება და მონიტორინგი. 2017 წელს აღნიშნული ფორუმის მიერ განხორციელდა საქართველოში არსებული პრეფერენციული საგადასახადო რეჟიმების შესწავლა.
2016 წლის ნოემბრიდან, საქართველო მონაწილეობს საზიანო საგადასახადო პრაქტიკის ფორუმის (FHTP) მუშაობაში. 2017 წლის მარტიდან საქართველო არჩეულ იქნა FHTP-ის ბიუროს წევრ ქვეყნად, ხოლო 2018 წლის მაისიდან საქართველო წარმოადგენს საზიანო საგადასახადო პრაქტიკის ფორუმის კრიტერიუმების გადახედვის ფოკუს ჯგუფის (FORC) წევრს.
2018 წელს „დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადატანის“ (BEPS) ინკლუზიურ პლატფორმასთან მიერთებიდან გამომდინარე, წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ დანერგა, საზიანო საგადასახადო პრაქტიკასთან დაკავშირებული ინფორმაციის სავალდებულო გაცვლის მექანიზმი.
საზიანო საგადასახადო პრაქტიკასთან დაკავშირებული ინფორმაციის სავალდებულო გაცვლაზე პასუხისმგებელ უწყებას წარმოადგენს ფინანსთა სამინისტრო.
- მე-6 ღონისძიება - საგადასახადო შეთანხმებების ბოროტად გამოყენების აღკვეთა
მე-6 ღონისძიების მიზანია საგადასახადო შეთანხმებების ბოროტად გამოყენების აღკვეთა.
მე-6 ღონისძიების მინიმალური სტანდარტის დანერგვის განხორციელების მიზნით 2017 წლის 7 ივნისს, OECD-ის კვირეულის ფარგლებში, საქართველომ ხელი მოაწერა „დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის აღკვეთის მიზნით საგადასახადო შეთანხმებებთან დაკავშირებული ღონისძიებების დანერგვის შესახებ“ მრავალმხრივ კონვენციას (Multilateral Convention to Implement Tax Treaty Related Measures to Prevent Base Erosion and Profit Shifting (MLI)).
აღნიშნული კონვენცია შემუშავებული იქნა 2015 წელს BEPS-ის მე-15 სამოქმედო გეგმის მანდატის თანახმად შექმნილი სამუშაო ჯგუფის (ad-hoc group on Multilateral Instrument) მიერ, რომლის საქმიანობაში საქართველო ჩართულია დაარსებისთანავე.
მრავალმხრივი საგადასახადო კონვენციით გათვალისწინებული მე-6 ღონისძიების მინიმალური სტანდარტის დანერგვის მონიტორინგის მიზნით, 2018 წლის მაისში BEPS-ის N1 სამუშაო ჯგუფის მიერ განხორციელდა MLI-ის ხელმომწერი 116 იურისდიქციის, მათ შორის საქართველოს შეფასება.
შეფასების შედეგად, აღიარებული იქნა, რომ საქართველომ დანერგა BEPS-ის მე-6 ღონისძიების მინიმალური სტრანდარტი.
- მე-13 ღონისძიება - ქვეყნების მიხედვით ანგარიშგების გაცვლა
მე-13 ღონისძიება ითვალისწინებს ქვეყნების მიხედვით ანგარიშგების გაცვლის დანერგვას.
აღნიშნულის მიზნით 2016 წლის 30 ივნისს BEPS-ის ინკლუზიური პლატფორმის შეხვედრის ფარგლებში, საქართველომ ხელი მოაწერა „ქვეყნების მიხედვით ანგარიშების გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური ორგანოების მრავალმხრივ შეთანხმებას.
- მე-14 ღონისძიება - დავების გადაჭრის მექანიზმის ეფექტურობის ზრდა
მე-14 ღონისძიების მიზანია საგადასახადო შეთანხმებებთან დაკავშირებული დავების დროული და ეფექტური გადაწყვეტა.
მე-14 ღონისძიების ფარგლებში შემუშავებული მინიმალური სტანდარტის დანერგვის პროცესის კოორდინაციას უზრუნველყოფს FTA MAP Forum - გადასახადების ადმინისტრირების ფორუმის ფარგლებში მოქმედი ურთიერთშეთანხმების პროცედურის ფორუმი.
2017 წლის მაისიდან საქართველო მონაწილეობს FTA MAP Forum-ის საქმიანობაში. ასევე აღნიშნული პერიოდიდან საქართველო არჩეულ იქნა FTA MAP Forum-ის ბიუროს წევრად.
მე-14 ღონისძიების დანერგვასთან დაკავშირებით, საქართველოს შეფასება დაგეგმილია 2020 წლისთვის.