ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისთვის პირველადი დილერების სისტემა ინერგება
მთავრობის ვალის მართვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება სახაზინო ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაა.
ბოლო წლებში, ფასიანი ქაღალდების ბაზრის მოცულობა ეტაპობრივად იზრდება. ვალის პორტფელი გახდა უფრო ლიკვიდური. 2018 წლიდან ხდება ე.წ. ბენჩმარკ ბონდების გამოშვება და მოცულობების ეტაპობრივი ზრდა.
ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე და განვითარების ახალ ეტაპზე გადასასვლელად, მნიშვნელოვანია ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ინვესტორებს შორის გაჩნდნენ შუამავლები (დილერები) რათა გაფართოვდეს ინვესტორთა ბაზა, გააქტიურდეს მეორადი ბაზარი.
თავის მხრივ, მთავრობის ფასიანი ქაღალდების განვითარებული ბაზარი ხელს შეუწყობს ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებასა და ინვესტორთა ბაზის დივერსიფიკაციას.
სწორედ ბაზრის განვითარების მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარებით, იწყებს პირველადი დილერების საპილოტე პროგრამის ამუშავებას.
პირველად დილერებს ექნებათ შუამავლის როლი ფასიანი ქაღალდების ემიტენტს (საქართველოს ფინანსთა სამინისტრო) და ინვესტორებს შორის. ასევე, იზრუნებენ ინვესტორთა ბაზის დივერსიფიკაციაზე და მეორად ბაზრის ლიკვიდურობის ზრდაზე ფასების რეგულარული განახლებით, შესაბამისი სავაჭრო და საანგარიშსწორებო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფით.
ნებისმიერი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც დააკმაყოფილებს
ურთიერთგაგების მემორანდუმის 5.1. მუხლში მოცემულ კრიტერიუმებს, პირველად დილერად დანიშვნის
განაცხადს წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - FO@mof.ge, ხოლო ასლს ეროვნულ ბანკს ელექტრონულ მისამართზე - Monetary.Operations@nbg.gov.ge.
ფინანსთა სამინისტრო, ეროვნულ ბანკთან ერთად, დაადგენს განმცხადებელი ფინანსური ინსტიტუტის ურთიერთგაგების მემორანდუმის 5.1. მუხლში მოყვანილ პუნქტებთან შესაბამისობას და გადაწყვეტილებას აცნობებს განმცხადებელს.
ფინანსთა სამინისტროსგან დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, განმცხადებელი ხელს აწერს მემორანდუმს, რათა მიენიჭოს პირველად დილერად მოქმედების უფლებამოსილება. ხელმოწერილი დოკუმენტი ეგზავნება ფინანსთა სამინისტროს. მას შემდეგ, რაც ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელს მოაწერენ ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი, ფინანსურ ინსტიტუტს მიენიჭება პირველადი დილერის სტატუსი და უფლება იმოქმედოს სტატუსის შესაბამისად.
პირველადი დილერების საპილოტე პროგრამის დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ
ურთიერთგაგების მემორანდუმში.
განაცხადების მიღება იწყება მიმდინარე წლის 8 ოქტომბრიდან.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
ელექტრონული ფოსტა: FO@mof.ge
ტელ: +995322261460