მეწარმე სუბიექტი (საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საწარმო/მეწარმე ფიზიკური პირი) მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მისაღებად განცხადებით (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით) მიმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს.
- განცხადება უნდა შეიცავდეს:
ა) პირის სარეგისტრაციო მონაცემებს (საიდენტიფიკაციო ნომერი, სახელწოდება, მისამართი);
ბ) საქმიანობის მოკლე აღწერას (მათ შორის, საქმიანობის სახე და განხორციელების ადგილი).
საჭიროების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, განმცხადებელს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია.
- შემოსავლების სამსახური განცხადებას, მიღებიდან არაუგვიანეს 60 დღის ვადაში, თანდართულ მასალებთან ერთად წარუდგენს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით;
- შემოსავლების სამსახური სამინისტროს არ წარუდგენს განცხადებას, და ამის თაობაზე წერილობით აცნობებს გადამხდელს, თუ: ა) მეწარმე სუბიექტი არ აკმაყოფილებს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს; ბ) მეწარმე სუბიექტის მიერ არ იქნა აღმოფხვრილი ხარვეზი დადგენილ ვადაში.
- მეწარმე სუბიექტისათვის მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს მთავრობა გამოსცემს განკარგულებას. სტატუსი მინიჭებულად ჩაითვლება სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების კალენდარული წლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული კალენდარული წლის) დასაწყისიდან.
- მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე პირთა რეესტრს აწარმოებს შემოსავლების სამსახური.